შედგება თუ არა ახალი პოლიტიკური ერთობა "ძლიერ საქართველოში" - რას ამბობენ კოალიციაში?

27.08.24 11:21
შედგება თუ არა ახალი პოლიტიკური ერთობა "ძლიერ საქართველოში" - რას ამბობენ კოალიციაში?

შედგება თუ არა ახალი პოლიტიკური ერთობა "ძლიერ საქართველოში" - კოალიციაში განმარტავენ, რომ კონსულტაციები როგორც პოლიტიკურ აქტორებთან, ასევე ქართველი საზოგადოებისთვის ავტორიტეტ პირებთან მიმდინარეობს.

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ირაკლი კუპრაძე არ ასახელებს, თუ კონკრეტულად ვისთან აწარმოებს პოლიტიკური კოალიცია მოლაპარაკებებს, თუმცა ამბობს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხაზარაძე-ცუცქირიძე-დოლიძე-ელისაშვილის ერთობა ახალი სახეებით მიიღებს მონაწილეობას. 

ამასთან, როგორც ირაკლი კუპრაძე აცხადებს, გადამწყვეტ არჩევნებში ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად კოალიცია "ძლიერი საქართველოს" სახელითა და 9 ნომრით იასპარეზებს.

ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა "ძლიერი საქართველო" განაგრძობს გაძლიერებას ახალი პოლიტიკური საახეებით, სუბიექტებით. კომუნიკაცია, კონსულტაციები მიმდინარეობს სამი სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ ვესაუბრებით როგორც პოლიტიკურ აქტორებს, ასევე ადამიანებს, რომლებიც არასდროს არ ყოფილან პოლიტიკური პარტიის წევრები, მაგრამ წარმოადგენენ ავტორიტეტებს საქართველოს მოსახლეობისთვის. ჩვენთვის ღირებულია თითოეული მნიშნელოვანი პროევროპული შემომატება ჩვენი პოლიტიკური პლატფორმისთვის, საარჩევნო ნომრით 9. ეს შეიძლება მოხდეს 30 აგვისტომდე, ან შემდეგ. კონკრეტული ვადები და დედლაინები არ გვაქვს. მთავარია, შევქმნათ ისეთი ერთობა, რომელიც იქნება რეალური ალტერნატივა რეალური ცვლილებებისთვის", - ამბობს კუპრაძე.

არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს წამზომი ჩართული აქვთ - თუ ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ რომელიმე პარტიას, ან კოალიციას ერთი სახელის ქვეშ უნდა გაერთიანება, ეს სამ დღეში უნდა მოასწროს.

ოპოზიციურმა პარტიებმა 30 აგვისტომდე უნდა განაცხადონ, თუ რა სახელით სურთ 2024 წლის გადამწყვეტ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და საარჩევნო ბიულეტენში მოხვედრა. 

როგორც ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი "პირველებთან" განმარტავს, 30 აგვისტოს შემდეგ, პარტიებს აღარ მიეცემათ სახელის შეცვლის შესაძლებლობა.

მსგავსი სიახლეები