მოხვდებიან თუ არა ყოფილი პრემიერის გუნდში ექს მინისტრები? - "გახარია საქართველოსთვის" გამსხვილებას აანონსებს
საქართველოს ყოფილი პრემიერის გუნდი 2024 წლის გადამწყვეტი არჩევნებისთვის "გახარია საქართველოსთვის" სახელით დარეგისტრირდა - პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" ხელისუფლების დასამარცხებლად არჩევნებში 25 ნომრით იასპარეზებს.
გიორგი გახარიას პარტიაში ადასტურებენ, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ ფიგურებთან მოლაპარაკებები გრძელდება და საზოგადოებამ ყოფილი პრემიერის გუნდში ახალი სახეები, მათ შორის, შესაძლოა, ექს მინისტრები და ექს მაღალჩინოსნები იხილოს.
"გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა არ ამბობს, თუ კონკრეტულად ვისთან აწარმოებენ კონსულტაციებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხი პარტიის ახალ აქტორებს უახლოეს მომავალში იხილავს.
ჩვენი პოლიტიკური პარტია ყველაზე ადრე დარეგისტრირდა საარჩევნო მარათონში. საარჩევნო სუბიექტი, როგორც დამოუკიდებელი რეგისტრირებულია "გახარია საქართველოსთვის" 25 ნომრით და ეს არ შეიცვლება, ამ სახელით და ნომრით მიიღებს ჩვენი პოლიტიკური პარტია არჩევნებში მონაწილეობას. იქნებიან პოლიტიკოსები, რომლებმაც საკუთარი რეპუტაციითა და საქმით დაამტკიცეს, რომ ემსახურებიან ამ ქვეყანას და შესაბამისად, ასეთი ტიპის პოზიტიური მოლოდინები ჩვენს გუნდათ მიმართებით იქნება. შესაძლოა, იყვნენ ყოფილი მაღალჩინოსნები, მინისტრები. ბევრ ადამიანთან ვსაუბრობთ, კონკრეტიკის გარეშე შემიძლია, დაგიდასტუროთ", - ამბობს ბერდია სიჭინავა.
არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს წამზომი ჩართული აქვთ - თუ ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ რომელიმე პარტიას, ან კოალიციას ერთი სახელის ქვეშ უნდა გაერთიანება, ეს სამ დღეში უნდა მოასწროს.
ოპოზიციურმა პარტიებმა 30 აგვისტომდე უნდა განაცხადონ, თუ რა სახელით სურთ 2024 წლის გადამწყვეტ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და საარჩევნო ბიულეტენში მოხვედრა.
როგორც ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი "პირველებთან" განმარტავს, 30 აგვისტოს შემდეგ, პარტიებს აღარ მიეცემათ სახელის შეცვლის შესაძლებლობა.