რატომ მოაწყო საქართველოს მთავრობამ დიპლომატიურ სამსახურში წმენდა?

27.08.24 12:00
რატომ მოაწყო საქართველოს მთავრობამ დიპლომატიურ სამსახურში წმენდა?

რატომ მოაწყო საქართველოს მთავრობამ წინასაარჩევნოდ დიპლომატიურ სამსახურში წმენდა - ირაკლი კობახიძე ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სახელმწიფოებსა თუ ორგანიზაციებში დიპლომატების მოხსნის ოფიციალურ მიზეზად მათი უფლებამოსილების ვადის ამოწურვას ასახელებს.

თუმცა საყურადებოა, რომ დასახელებული მიზეზი წინააღმდეგობაში მოდის იმ განცხადებასთან, რომელიც დაახლოებით ორი თვის წინ "პირველებმა" საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან მაშინ მიიღო, როდესაც "ტვ პირველის" კორესპონდენტი არკვევდა, თუ როდის დანიშნავდნენ ნატოში ჯუანშერ ბურჭულაძეს საქართველოს წარმომადგენლად. 

დარჩიაშვილის უწყება ამბობდა, რომ "ოცნება" პრეზიდენტისგან საფრთხეს ხედავდა, რადგან შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილს ახალი ელჩები არ დაენიშნა. ამიტომ უწყება მიიჩნევდა, რომ მოქმედი დიპლომატებისთვის უფლებამოსილების ვადა გაეხანგრძლივებინა.

ახლა ჩნდება კითხვა, დადო თუ არა ირაკლი კობახიძემ ზავი პრეზიდენტთან, რომ სალომე ზურაბიშვილმა ახალი ელჩების დანიშნვას ხელი მოაწეროს, თუ პრემიერის მიერ დიპლომატიურ სამსახურში ხალხის შეცვლა პარტიულ დავალებას უკავშირდება. 

ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ მიღებული გადაწყვეტილება არა საქართველოს სახელმწიფო ინტერესს, არამედ ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი პარტიის პოლიტიკის გატარებას ემსახურება.

ამასთან, როგორც პოლიტიკური პლატფორმა "ერთიანობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე "პირველებთან" ამბობს, მოხსნილი ელჩები სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებსა თუ ორგანიზაციებში საქართველოს ინტერესს არ ატარებდნენ.

ხატია დეკანოიძე განმარტავს, რომ რუსული კანონის მიღებისა და "ოცნების" ანტიდასავლური რიტორიკის შემდეგ, არცერთ განთავსუფლებულ დიპლომატს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი აზრი არ დაუფიქსირებია, რაც დეკანოიძის თქმით, ასევე დანაშაულია. 

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საქართველოს სახელით უნდა ემსახურებოდეს საქართველოს სახელმწიფოს და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც უნდა ასრულებდეს საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილ ვალდებულებებს, მათ შორის, ევროინტეგრაციას და ეს ადამიანები საპირისპიროდ მოქმედებენ, რა თქმა უნდა, ამ ადამიანების პოლიტიკური და მორალური მომავალი იქნება ძალიან მძიმე. მე ვერ გეტყვით, რა არის განთავისუფლების მიზეზი, ყველანაირი შეიძლება იყოს "ოცნების" ხელში, მაგრამ ამ ადამიანებს არანაირი ღირებულებითი შინაარსი არ შეუძენიათ ჩვენი ქვეყნისთვის. მათთვის დიპლომატიური სამსახური არ არის ქვეყნის სამსახური, არამედ არის ბიძინა ივანიშვილის სამსახური. ასე ესმით მათ, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს უკავშირდება მმართველი პარტიის ინტერესს და არავითარ შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს", - ამბობს ხატია დეკანოიძე.

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ელჩები, რომლებიც რუსული კანონის მიღების შემდეგ მაინც დარჩნენ საგარეო საქმეთა სამინისტროში, არა სახელმწიფოს, არამედ "ქართული ოცნების" ინტერესების გამტარებლები არიან, რომლებმაც გეგელიას თქმით, საქართველოს ევროატლანტიკურ პროცესს უღალატეს. 

მათ, სამწუხაროდ, მიიღეს მონაწილეობა პროცესში, რომელმაც საქართველოს ეროვნულ ინტერესს უღალატა, რომელმაც საქართველოს ევროინტეგრაცია გააჩანაგა და მოსპო. შესაბამისად, არც ერთი ელჩი, რომელიც რუსული კანონის მიღების შემდეგ დარჩა საგარეო სამსახურში, ჩემთვის არ არის საინტერესო არც როგორც ელჩი და სამწუხაროდ, არც როგორც მოქალაქე, რადგან მათ ნებსით თუ უნებლიეთ, მე ვფიქრობ, საკმაოდ გააზრებულად აირჩიეს დარჩენილიყვნენ ისეთი რეჟიმის სამსახურში, რომელმაც ღიად გაანადგურა საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი", - ამბობს გეგელია. 

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ელჩები ბრიტანეთში, შვეიცარიაში, ჩრდილოეთ ირლანდიაში, ჟენევაში მიმდინარეო გაეროს მისიასა და NATO-ში მოხსნა და ოფიციალურ მიზეზად მათი როტაციის ვადის ამოწურვა დაასახელა. 

მსგავსი სიახლეები