რამდენიმე თვეში ქვეყანას ახალი პრეზიდენტი ეყოლება, რომელიც ელჩების დანიშვნას ხელს არ შეუშლის - მათიკაშვილი

27.08.24 14:24
რამდენიმე თვეში ქვეყანას ახალი პრეზიდენტი ეყოლება, რომელიც ელჩების დანიშვნას ხელს არ შეუშლის - მათიკაშვილი

"ქართული ოცნების" წევრს, დავით მათიკაშვილის საქართველოს პრეზიდენტზე იერიში მიაქვს - ივანიშვილის გუნდის წარმომადგენელი სალომე ზურაბიშვილს "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტს უწოდებს და ახალი ელჩების არ დანიშვნით ქვეყნის განვითარების ხელშეშლაში ადანაშაულებს. 

რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტი საქართველოსთვის სტრატეგიულ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებში ახალი დიპლომატების დანიშვნის პროცესს აჭიანურებს - "სულ რამდენიმე თვეში ქვეყანას ეყოლება ახალი პრეზიდენტი, რომელიც ახალი ელჩების დანიშვნას ხელს არ შეუშლის".

ამასთან, დავით მათიკაშვილი ირწმუნება, რომ დიპლომატების თანამდებობიდან გათავისუფლება , მათი როტაციის ვადის ამოწურვას უკავშირდება. 

განკარგულება არის ის ოფიციალური დოკუენტი, რომელიც ამ ფორმალური გადაწყვეტილების შესასრულებლად არის საჭირო. როდესაც ელჩს გასდის ვადა, ის აღარ არის უფლებამოსილი, თავისი ვალდებულებები განახორციელოს. შესაბამისად, სახეზეა, რომ მათი განთავისუფლების მიზეზი ვადის გასვლა ყოფილა. სალომე ზურაბიშვილმა ისეთი მოცემულობა დაიმკვიდრა საკუთარ საზოგადოებასთან, რომ ის ყველაფერ არაქართულს აკეთებს, ცდილობს, ხელი შეუშალოს ქვეყნის განვითარებას როგორც სხვადასხვა მისთვის სამწუხარო მიმართულებით, ასევე ელჩების დანიშვნის კუთხით. მაგრამ სულ რამდენიმე თვეში ქვეყანას ეყოლება ახალი პრეზიდენტი, იქნება შესაბამისი მოცემულობა და რესურსი იმისთვის, რომ კანონით გათვალისწინებული წესით მოხდეს როტაციები, ახალი ელჩების დანიშვნა და ახალი პრეზიდენტი ამაში ხელს არ შეუშლის. უნდა მიმართოთ "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ამ კითხვით. კანონის შესაბამისად ეს საკითხები დარეგულირებულია. არავინ არ დარჩება დიპლომატიური წარმომადგენლობების გარეშე", - ამბობს დავით მათიკაშვილი. 

რატომ მოაწყო საქართველოს მთავრობამ წინასაარჩევნოდ დიპლომატიურ სამსახურში წმენდა - ირაკლი კობახიძე ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სახელმწიფოებსა თუ ორგანიზაციებში დიპლომატების მოხსნის ოფიციალურ მიზეზად მათი უფლებამოსილების ვადის ამოწურვას ასახელებს.

თუმცა საყურადებოა, რომ დასახელებული მიზეზი წინააღმდეგობაში მოდის იმ განცხადებასთან, რომელიც დაახლოებით ორი თვის წინ "პირველებმა" საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან მაშინ მიიღო, როდესაც "ტვ პირველის" კორესპონდენტი არკვევდა, თუ როდის დანიშნავდნენ ნატოში ჯუანშერ ბურჭულაძეს საქართველოს წარმომადგენლად. 

დარჩიაშვილის უწყება ამბობდა, რომ "ოცნება" პრეზიდენტისგან საფრთხეს ხედავდა, რადგან შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილს ახალი ელჩები არ დაენიშნა. ამიტომ უწყება მიიჩნევდა, რომ მოქმედი დიპლომატებისთვის უფლებამოსილების ვადა გაეხანგრძლივებინა.

მსგავსი სიახლეები