ელჩების გათავისუფლების მიზეზი შესაძლოა, "ოცნებაში" კლანებს შორის არსებული დაპირისპირება იყოს - ბუჩუკური
"გახარია საქართველოსთვის" წევრი, ანა ბუჩუკური ირაკლი კობახიძის მიერ 5 დიპლომატის თანამდებობიდან გადაყენების ერთ-ერთ შესაძლო მიზეზად "ოცნებაში", გავლენიან ჯგუფებს შორის არსებულ დაპირისპირებას ასახელებს.
ანა ბუჩუკური განმარტავს, რომ შესაძლოა, ივანიშვილის გუნდის შიგნით გარკვეული უთანხმოება არსებობს, რის გამოც საკუთარი გავლენის გაზრდის მიზნით, კობახიძემ ყოფილი პრემიერის მიერ დანიშნული ელჩები გაათავისუფლა.
მიზეზი შესაძლოა იყოს, რომ ის ადამიანები, ვინც ასე ვთქვათ ვალში ჰყავთ, თან "ოცნებაში" სხვადასხვა დაჯგუფებები, კლანებია და ყველა ცდილობს, რომ თავისი გავლენა გაიზარდოს პარტიაში. მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან კომიკური და სასაცილოა, რადგან გადაწყვეტილების ერთადერთი მიმღები ადამიანი ამ პარტიაში არის ბიძინა ივანიშვილი", - ამბობს ბუჩუკური.
რატომ მოაწყო საქართველოს მთავრობამ წინასაარჩევნოდ დიპლომატიურ სამსახურში წმენდა - ირაკლი კობახიძე ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სახელმწიფოებსა თუ ორგანიზაციებში დიპლომატების მოხსნის ოფიციალურ მიზეზად მათი უფლებამოსილების ვადის ამოწურვას ასახელებს.
თუმცა საყურადებოა, რომ დასახელებული მიზეზი წინააღმდეგობაში მოდის იმ განცხადებასთან, რომელიც დაახლოებით ორი თვის წინ "პირველებმა" საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან მაშინ მიიღო, როდესაც "ტვ პირველის" კორესპონდენტი არკვევდა, თუ როდის დანიშნავდნენ ნატოში ჯუანშერ ბურჭულაძეს საქართველოს წარმომადგენლად.
დარჩიაშვილის უწყება ამბობდა, რომ "ოცნება" პრეზიდენტისგან საფრთხეს ხედავდა, რადგან შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილს ახალი ელჩები არ დაენიშნა. ამიტომ უწყება მიიჩნევდა, რომ მოქმედი დიპლომატებისთვის უფლებამოსილების ვადა გაეხანგრძლივებინა.