ელჩების მასობრივი ცვლა შესაძლოა, "ოცნების" წინასაარჩევნო პროპაგანდას უკავშირდებოდეს - დოლიძე
"ელჩების მასობრივი ცვლა შესაძლოა, უკავშირდებოდეს "ოცნების" წინასაარჩევნო პროპაგანდას" - ამის შესახებ განცხადება "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ გააკეთა.
დოლიძის თქმით, "ივანიშვილის გუნდს ელჩებად სიცრუის მანქანები დასჭირდება, რომლებიც შავზე თეთრს იტყვიან".
არჩევნების პერიოდში და შემდეგაც "ოცნებას" დასჭირდება ტყუილის, სიცრუის მანქანები ელჩებად, რომლებიც შავზე იტყვიან თეთრს. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ეს მასობრივი ცვლა, როგორც სკოლის დირექტორების გადანიშვნები, დაკავშირებული იყოს სწორედ იმ სიცრუის წარმოებასთან, იმ პროპაგანდასთან, რაც "ოცნებას" წინასაარჩევნოდ სჭირდება და განსაკუთრებით არჩევნების დროს დასჭირდება", - ამბობს დოლიძე.
რატომ მოაწყო საქართველოს მთავრობამ წინასაარჩევნოდ დიპლომატიურ სამსახურში წმენდა - ირაკლი კობახიძე ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სახელმწიფოებსა თუ ორგანიზაციებში დიპლომატების მოხსნის ოფიციალურ მიზეზად მათი უფლებამოსილების ვადის ამოწურვას ასახელებს.
თუმცა საყურადებოა, რომ დასახელებული მიზეზი წინააღმდეგობაში მოდის იმ განცხადებასთან, რომელიც დაახლოებით ორი თვის წინ "პირველებმა" საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან მაშინ მიიღო, როდესაც "ტვ პირველის" კორესპონდენტი არკვევდა, თუ როდის დანიშნავდნენ ნატოში ჯუანშერ ბურჭულაძეს საქართველოს წარმომადგენლად.
დარჩიაშვილის უწყება ამბობდა, რომ "ოცნება" პრეზიდენტისგან საფრთხეს ხედავდა, რადგან შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილს ახალი ელჩები არ დაენიშნა. ამიტომ უწყება მიიჩნევდა, რომ მოქმედი დიპლომატებისთვის უფლებამოსილების ვადა გაეხანგრძლივებინა.