"ოცნების" არცერთი წევრი მარიამობის წირვაზე - განაწყენებულია თუ არა ივანიშვილის გუნდი საპატრიარქოზე?
სიონის ტაძარში მარიამობის წირვას დღეს "ოცნების" არცერთი წევრი არ ესწრებოდა - ამიტომ, გაჩნდა კითხვა, განაწყენებულია თუ არა ივანიშვილის გუნდი საპატრიარქოზე, შეთავაზებაზე "ფაქტობრივი არას" მიღების შემდეგ?
"პირველებმა" ამის შესახებ მამა გიორგი ზვიადაძეს ჰკითხა.
პროტოპრესვიტერი ამბობს, რომ ის, რომ დღევანდელ წირვას "ოცნების" წევრები არ ესწრებოდნენ, არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება საპატრიარქოზე განაწყენებულია.
ვფიქრობ, რომ არავითარ განაწყენებას ადგილი არა აქვს. დღეს ეს ურთიერთობა არის უაღრესად კონსტიტუციური, რასაც კანონიკური სამართლის ნორმები ითვალისწინებს, ამიტომ ის ფაქტი, რომ რომელიმე მათგანი დღეს არ ესწრებოდა წირვას, რა თქმა უნდა, არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება განაწყენებული იყოს ხელისუფლების მიმართა", - განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.
მამა გიორგის პირველებმა ასევე ჰკითხა მეუფე ზენონის განცხადების შესახებაც, რაზე პროტოპრესვიტერმა თქვა: "არ შეიძლება ეს საკითხი გარკვეულ პოლიტიკურ დაპირისპირებაში იქნას გადატანილი".
მეუფე ზენონის პოზიციას არ ვიცნობ, მაგრამ ეს არ არის რა თქმა უნდა, სწორი. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ ჰქონია ადგილი არავითარ ოფიციალურ წინადადებას და ოფიციალურ ჩარევას საქართველოს ეკლესიის ცხოვრებაში. მხოლოდ იყო არაოფიციალურ დონეზე რაღაც კონსულტაციები და ეს კონსულტაციები მიზნად ისახავდა საქართველოს ეკლესიის მხარდაჭერას, მისი ავტორიტეტის გაზრდას. ამიტომ, აქ არ შეიძლება ეს საკითხი გარკვეულ პოლიტიკურ დაპირისპირებაში იქნას გადატანილი", - განაცხადა მამა გიორგიმ.
ზენონ იარაჯული შეცდომას უწოდებს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ინიციატივას. მისი თქმით ეს განაცხადი ეკლესიის ინსტიტუციური განადგურების, დემოკრატიისგან გადახვევის და საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის სპეც-სამსახურების პროექტი შეიძლება იყოს.
საქართველოს მთავრობასა და საქართველოს საპატრიარქოს შორის რომ მოლაპარაკებები გაიმართა, ამას ადასტურებს საპატრიარქოს წარმომადგენელი, მამა გიორგი ჯაღმაიძეს.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნება” საპატრიარქოსთან კონსულტაციებს გადის მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ.