არაჩვეულებრივი გამოწვევაა მოსამართლეებისთვის, რომ საკუთარ თავსაც დაუმტკიცონ ბევრი რამ - ქეთევან ერემაძე

29.08.24 11:45
არაჩვეულებრივი გამოწვევაა მოსამართლეებისთვის, რომ საკუთარ თავსაც დაუმტკიცონ ბევრი რამ - ქეთევან ერემაძე

საკონსტიტუციო სასამართლოში მესამე სექტორის ინტერესების დამცველი, ქეთევან ერემაძე ფიქრობს, რომ 28 წლის განმავლობაში, ქვეყნის მთავარ სასამართლოს ასეთი დიდი დატვირთვისა და მნიშვნელობის მქონე საქმე არ განუხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მიიჩნევს, რომ რუსული კანონის გაუქმების შესახებ პროცესი მოსამართლეთა კოლეგიისთვის ერთგვარი გამოწვევაა, რადგან "საკუთარ თავს ბევრი რამ დაუმტკიცონ".

აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის არაერთ მუხლს და ამიტომ ვცდილობთ, ამ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მივაღწიოთ პერსპექტივაში. თუმცა დღეს გვაქვს გამწესრიგებელი სხდომა. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ სასამართლო, რომ მან მიიღოს სარჩელი არსებითად განსახილველად და რაც მთავარია, ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის, რომ შეაჩეროს სადავო ნორმების მოქმედება, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მე ერთს გეტყვით მხოლოდ, რომ ასეთი სიმწვავის, გამოწვევის წინაშე და ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელობის მქონე საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს ნამდვილად არ განუხილავს 28 წლის განმავლობაში, ჩემი შეფასებით, რადგან ეს არის ცივილიზაციული არჩევანის თაობაზე გადწყვეტილება და არა მხოლოდ ერთი კანონის კონსტიტუციურობის თაობაზე. პროცესი იქნება საინტერესო. მე მგონია, რომ არაჩვეულებრივი გამოწვევაა მოსამართლეებისთვის, რომ საკუთარ თავსაც დაუმტკიცონ ბევრი რამ", - ამბობს ქეთევან ერემაძე.

საკონსტიტუციო სასამართლოში ისტორიული სხდომა დაიწყო - პროცესი მოსამართლე მერაბ ტურავამ გახსნა, რომელმაც კონსტიტუციური სარჩელების მოთხოვნა წაიკითხა.

დღევანდელ პროცესზე მომხსენებელი მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი იქნება, რომელიც კონსტიტუციური სარჩელების შინაარსა და სასარჩელო მოთხოვნაზე ისაუბრებს. 

  • საკონსტიტუციო სასამართლოში საკითხს განიხილავენ მოსამართლეები: მერაბ ტურავა, ვასილ როინიშვილი, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, მანანა კობახიძე, ირინე იმერლიშვილი, ხვიჩა კიკილაშვილი და თეიმურაზ ტუღუში.

მოსამართლეთა კოლეგიას დღეს აკლია ირინე იმერლიშვილი. მერაბ ტურავას თქმით, ის  სასამართლო სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ ესწრება.

ირაკლი კობახიძემ რუსული კანონის დაცვა ანრი ოხანაშვილს, თენგიზ შარმანაშვილსა და არჩილ გორდულაძეს ჩააბარა, თუმცა სხდომაზე ამ დრომდე პარლამენტის აპარატის წარმომადგენლების გარდა, რუსული კანონის დამცველი დეპუტატები არ ჩანან.

მოსარჩლე პირები კი საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მესამე სექტორი და ჟურნალისტთა კორპუსია. 

ქვეყნის მთავარ სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის ინტერესების დამცველი ეკა ბესელია, გიორგი ბურჯანაძე, ზურაბ მაჭარაძე და კახი სამხარაძე იქნებიან. რაც შეეხება ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, მათი წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი და თამარ კორძაია იქნებიან.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინტერესებს გიორგი დავითული და ქეთევან ერემაძე, ხოლო კრიტიკული მედიის ინტერესებს გელა მთივლიშვილი დაიცავს.

მსგავსი სიახლეები