საკონსტიტუციოში "ოცნების" დეპუტატების გამოცხადების საჭიროებას ვერ ვხედავთ - მიქანაძე
"ვერ ვხედავთ აუცილებლობას" - ასე ეხმაურება ივანიშვილის გუნდის წევრი, გივი მიქანაძე საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის მცველი "ოცნების" დეპუტატების არ გამოჩენის ფაქტს.
მმართველი პარტიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ქვეყნის მთავარ სასამართლოში რუსული კანონის დასაცავად პარლამენტის აპარატის თანამშრომლები იმყოფებიან.
პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში არსებობს სპეციალური ჯგუფი, აპარატის თანამშრომლები, რომლებიც არიან მოპასუხე ნებისმიერ საკონსტიტუციო სარჩელზე. შესაბამისად, დეპუტატების მონაწილეობის აუცილებლობა კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის. ამ ადამიანებს, სპეციალურ ჯგუფს, რომელიც მოქმედებს, აქვთ სრული ლეგიტიმაცია და ყველა საკონსტიტუციო სარჩელზე ისინი გამოდიან მოპასუხე მხარედ, ამიტომ რაიმე აუცილებლობას რომ დეპუტატი ესწრებოდეს ამ განხილვას, ვერ ვხედავთ”, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის დამცველები, ანრი ოხანაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და არჩილ გორდულაძე ისტორიულ პროცესზე ამ დრომდე არ გამოჩენილან.
მიზეზით კოლეგიის თავმჯდომარე მერაბ ტურავა დაინტერესდა, რომელსაც პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა უპასუხეს, რომ დეპუტატი პროცესზე იმ შემთხვევაში მივლენ, თუ ამის საჭიროებას დაინახავენ.
ამ ეტაპისთვის რუსულ კანონს არა "ქართული ოცნების" დეპუტატები, არამედ პარლამენტის აპარატის თანამშრომლები იცავენ.