"ოცნება" ცდილობს, საჯარო მოხელეებს ის ტვირთი დააკისროს, რომელსაც წესით თავად უნდა სწევდეს - ნაცვლიშვილი

29.08.24 14:37
"ოცნება" ცდილობს, საჯარო მოხელეებს ის ტვირთი დააკისროს, რომელსაც წესით თავად უნდა სწევდეს - ნაცვლიშვილი

"ცდილობენ, საჯარო მოხელეებს ის ტვირთი დააკისრონ, რომელსაც წესით თავად უნდა სწევდნენ" - ასე აფასებს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის მცველი "ოცნების" დეპუტატების არ გამოჩენის ფაქტს.

ქვეყნის მთავარ სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ინტერესების ერთ-ერთი დამცველი აცხადებს, რომ საზოგადოებას არაერთი შემთხვევა ახსოვს, როდესაც ხელისუფლებამ ქვეყანას უღალატა, თუცა შემდეგ პოლიციას უწევდა ხალხის რისხვის საკუთარ თავზე აღება.

მრავლისმთქმელია ხელისუფლებაზე ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ვერ გამოცხადნენ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ისინი ცდილობენ, რომ საჯარო მოხელეებს დააკისრონ ის ტვირთი, რომელსაც წესით თავად უნდა სწევდნენ, ჩვენ გვახსოვს არაერთი შემთხვევა, როდესაც მათ უღალატეს სახელმწიფოს და შემდეგ პოლიციას უწევდა, საკუთარ თავზე აეღო ხალხის რისხვა. ამ ადამიანებისთვის ჩვეულებრივი პრაქტიკაა, რომ თვითონ გააფუჭონ, უღალატონ სახელმწიფოს და მერე შეეცადონ, რომ სხვებს  დაატყდეთ ტვირთი, მათ მიერ მიღებული მოღალატეობრივი გადაწყვეტილების დაცვის, ზოგჯერ ფიზიკურად, ზოგჯერ სამართლებრივად. მორიგი ფაქტი პასუხისმგებლობისგან გაქცევის, ძალიან ბევრს მეტყველებს ხელისუფლებაზე, რომ ეს მშიშრა ხელისუფლებაა და პასუხისმგებლობის აღება არ შეუძლია, არც სურს, რადგან ერთადერთი ვის წინაშეც პასუხისმგებლობას გრძნობენ, საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუციები და მოქალაქეები კი არა, ეს არის კრემლი და კრემლი აქ არ არის, ამიტომ არ გამოცხადენენ. კრემლს ჩააბარებენ ანგარიშს", - ამბობს ნაცვლიშვილი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის დამცველები, ანრი ოხანაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და არჩილ გორდულაძე ისტორიულ პროცესზე ამ დრომდე არ გამოჩენილან.

მიზეზით კოლეგიის თავმჯდომარე მერაბ ტურავა დაინტერესდა, რომელსაც პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა უპასუხეს, რომ დეპუტატი პროცესზე იმ შემთხვევაში მივლენ, თუ ამის საჭიროებას დაინახავენ. 

ამ ეტაპისთვის რუსულ კანონს არა "ქართული ოცნების" დეპუტატები, არამედ პარლამენტის აპარატის თანამშრომლები იცავენ.