საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ისტორიული შანსი შეაჩეროს რუსულ კანონი - თინა ბოკუჩავა

29.08.24 14:52
საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ისტორიული შანსი შეაჩეროს რუსულ კანონი - თინა ბოკუჩავა

“დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ისტორიული შანსი შეაჩეროს რუსულ კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას “,- ამის შესახებ “ერთიანობის“ ლიდერმა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, რუსული კანონის განხილვასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეულ მოსამართლეს აქვს შესაძლებლობა, რომ ამ ისტორიულ გზაგასაყარზე დადგეს ქართველი ხალხის მხარეს .

გაზაფხულზე მთელმა მსოფლიომ იხილა, განსაკუთრებით ქართველი ახალგაზრდების დამსახურებით, რომ საქართველო ირჩევს ევროპას. მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ ქართველი ახალგაზრდების და საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი არის ევროპა. როდესაც უპრეცედენტოდ ფართომასშტაბიანი აქციებით ქართველმა ხალხმა უარი უთხრა არა რუსულ კანონს და კი ევროპას. მიუხედავად ამისა, ივანიშვილმა მიიღო რუსული კანონი და აპირებს მის ამოქმედებას და დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ისტორიული შანსი, რომ შეაჩეროს აღნიშნული კანონის მოქმედება, რომელიც აზიანებს ჩვენს ქვეყანას, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მის თითოეულ მოსამართლეს აქვს შესაძლებლობა, რომ ამ ისტორიულ გზაგასაყარზე დადგეს ქართველი ხალხის მხარეს, ისტორიის ნათელ მხარეს და დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, ქართველი ხალხის ინტერესი და ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანი. ის რომ ქართველ ხალხს ეს არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს, რომ მათ სურთ ევროპული კეთილდღეობა და უარს ეუბნებიან სიღატაკეს იზოლაციაში, რადგან სწორედ იზოლაცია ემუქრება ჩვენს ქვეყანას რუსული კანონის ამოქმედების შემთხვევაში, რომელიც არის კრემლის ანალოგი და ამაზე საუბრობს მთელი მსოფლიო. რის გამოც საქართველოს მოქალაქეებმა უკვე დაკარგეს ათეულობით მილიონი დოლარის თუ ევროს დაფინანსება და სამწუხაროდ საერთაშორისო იზოლაციაში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. ამიტომ, არჩევანი არის ძალიან ნათელი - ევროპული კეთილდღეობა ან სიღატაკე იზოლაციაში და ამ არჩევანში დღეს უდიდესი წვლილი აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეულ მოსამართლეს”- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.