ჩემი პოზიციაა, რომ ოფიციალურ რელიგიად არ გამოცხადდეს მართლმადიდებლობა - ხეცურიანი

29.08.24 15:57
ჩემი პოზიციაა, რომ ოფიციალურ რელიგიად არ გამოცხადდეს მართლმადიდებლობა - ხეცურიანი

საპატრიარქოში მიმდინარე შეხვედრაზე, სადაც მსჯელობენ "ქართული ოცნების" შეთავაზებაზე, გამოცხადდეს სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობა, კონსულტაციებისთვის კონსტიტუციონალისტი ჯონი ხეცურიანი მიიწვიეს.

ჯონი ხეცურიანი, რომელიც 2002 წელს, სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის გამოფორმებული შეთანხმების ერთ-ერთი ავტორია, თვლის, რომ სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობა არ უნდა გამოცხადდეს.

როგორც კონსტიტუციონალისტი ამბობს, მხარეები სხვადასხვა ვარიანტებზე მუშაობენ და საქმე არა ეკლესიის როლის, არამედ მართლმადიდებლობის გამოკვეთას ეხება.

ჯონი ხეცურიანის ინფორმაციით, ცვლილება, სავარაუდოდ, კონსტიტუციის მე-8 მუხლში შევა, რომლითაც ეკლესიასა და მთავრობას შორის ურთიერთობები რეგულირდება. 

მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი ვერ შეიცვლება მისი თანხმობის გარეშე. ახლა საუბარია ზოგიერთ ცვლილებაზე მართლმადიდებლობის რელიგიის მნიშვნელობაზე. აქ არ არის ეკლესიაზე საუბარი. მაღალ დონეზეა მოწესრიგებული კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელშიც ცვლილებების შეტანა მხოლოდ მხარეთა თანხმობით შეიძლება შეთანხმებით. სხვა ვერანაირი ცვლილება ვერ შევა. 

ჩვენ, თავის დროზე, უარი ვთქვით ამაზე და მეც ამის მომხრე ვიყავი, რომ ოფიციალურ რელიგიად არ ყოფილიყო გამოცხადებული მართლმადიდებულობა, ახლაც ასეთია ჩემი პოზიცია. მე წინააღმდეგი ვარ, რომ რომელიმე რელიგიას მიენიჭოს ოფიციალური რელიგიის სტატუსი", - ამბობს ჯონი ხეცურიანი.

გადასცემენ თუ არა წმინდა სინოდის წევრები საპატრიარქოს მართვის სადავეებს ივანიშვილის გუნდს? - დიდი შეხვედრა, სადაც "ქართული ოცნების" შეთავაზებაზე უნდა იმსჯელონ, გამოცხადდეს სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობა, საპატრიარქოში ცოტახნის წინ დაიწყო.

სასულიერო პირების ნაწილი საქართველოს ხელისუფლების შეთავაზებაში რისკებს ხედავს და აცხადებს, რომ მათთვის წინადადება მიუღებელია, რადგან მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემთხვევაში, ეკლესია მთავრობის დაქვემდებარებაში გადავა და ავტონომიას დაკარგავს. 

ერთადერთი, რაზეც, მღვდელმთავრები თანახმა არიან კონსტიტუციური ცვლილებებია, რომელიც ეკლესიის როლს გაზრდის და საპატრიარქოს უპირატესად წარმოაჩენს.