“დრამატულია ის სცენარი, რომელიც განვითარდება, თუ ეს კანონი და ხელისუფლება სათავეში დარჩება“- ანა ნაცვლიშვილი

29.08.24 21:34
“დრამატულია ის სცენარი, რომელიც განვითარდება, თუ ეს კანონი და ხელისუფლება სათავეში დარჩება“- ანა ნაცვლიშვილი

“ყოველი დღე, როდესაც ეს კანონი ძალაშია, ამ ქვეყანას სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის, მათ შორის არის ის, რაც უკვე გამოიწვია“ - ამის შესახებ განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენელმა, ანა ნაცვლიშვილმა  “ტვ პირველი“ ეთერში გააკეთა.

ნაცვლიშვილმა იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რომელიც რუსული კანონის და ხელისუფლების სათავეში დარჩენის შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას ქვეყნისთვის და ქართველი ხალხისთვის.

დრამატულია ის სცენარი, რომელიც განვითარდება, თუ ეს კანონი და ხელისუფლება სათავეში დარჩება. მოსამართლეებს ინდივიდუალურად მოუწევთ სახელების და გვარების დაფიქსირება და ინდივიდუალურად იქნებიან პასუხისმგებლები ისტორიის წინაშე, ამ კრიტიკულად საბედისწერო საქმეზე, რა გადაწყვეტილება მიიღებენ.

ყოველი დღე, როდესაც ეს კანონი ძალაშია, ამ ქვეყანას სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის, მათ შორის არის ის, რაც უკვე გამოიწვია. ოფიციალურ დოკუმენტს ვეყრდნობი, როდესაც ამას ვამბობ, ეს არის 2024 წლის ივნისის ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება, როცა შეაჩერეს, ამ კანონის გამო, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი.

სხვა სამართლებრივი მექანიზმი ქვეყნის შიგნით არ არსებობს, გარდა საკონსტიტუციო სასამართლოსი, რომელსაც შეუძლია შეჩერებულ პროცესს აღდგენის შესაძლებლობა მისცეს. საბოლოო ჯამში, მთავარი ვერდიქტი საქართველოს მოქალააქეებმა უნდა გამოიტანონ, 26 ოქტომბერს“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

რუსული კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალ, 11:00 საათზე გაგრძელდება.