სერიოზული ხდება საფრთხე, რომ დავკარგოთ ვიზალიბერალიზაციის სტატუსი - გრიგოლ გეგელია
ბრიუსელიდან წამოსული მორიგი გაფრთხილებების შემდეგ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია მოახლოებულ სანქციებზე საუბრობს. ოპოზიციის წევრი ფიქრობს, რომ ევროპული კავშირი ცალკეული პოლიტიკოსებითვის ფინანსურ და სამგზავრო სანქციებს დააწესებს და რაც ყველაზე მძიმეა, შესაძლოა, შეჩერდეს ვიზალიბერალიზაციაც.
ევროპული კავშირის ნება არის სრულიად ცხადი - საქართველო ვერ გახდება ევროპული კავშირის წევრი მანამ, სანამ ჩვენს სამართლებრივ სივრცეში არსებობს ისეთი კანონი, როგორიც არის რუსული კანონი და მანამ, სანამ საქართველოს მართავს პრორუსული ავტოკრატული ხელისუფლება, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ მისი ღირებულებითი პარტნიორი არის რუსეთის ფედერაცია, ირანის ისლამური რესპუბლიკა და ჩინეთი. ევროპული კავშირი მრავალი თვეა განიხილავს კონკრეტულ სანქციებს, მათ შორის, არის პიროვნული სანქციები, რომელიც დაუწესდება ასევე პოლიტიკოსებს, ეს არის ეკონომიკური და ფინანსური ტიპის სანქციები, ისევე, როგორც სამგზავრო სანქციები და რაც უარესია, ძალიან სერიოზული ხდება შანსი იმისა, რომ ჩვენ როგორც ერს დაგვიწესდეს სანქციები და დროებით მაინც დავკარგოთ ვიზალიბერალიზაციის სტატუსი, რაც იქნება დარტყმა თითოეული ქართველისთვის, - ამბობს გრიგოლ გეგელია.
რუსული კანონის გამო "ოცნებას" მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა ევროკავშირიდან დაუანონსეს. ევროგაერთიანების ლიდერები უკვე აქტიურად მსჯელობენ, ივანიშვილის გუნდს მძიმე პასუხი გასცენ არა მხოლოდ რეპრესიული კანონის გამო, არამედ პარტიების აკრძალვასა და დიქტატურაზე, რომელსაც "ოცნება" ქართველ ხალხს უანონსებს.
შეზღუდვების დაწესებისთვის ემზადებიან ევროკავშირის ცალკეული ქვეყნებიც. არ არის გამორციხული, ევროპულმა სახელმწიფოებმა "ოცნების" ლიდერებისთვის სავიზო შეზღუდვის შესახებ ინდივიდუალური გადაწყვეტილებები მიიღონ. ევროკავშირში მსჯელობენ ფინანსურ სანქციებზეც.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟოზეფ ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული კავშირი საქართველოს ტრაექტორიით შეშფოთებულია.