ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის თანამშრომელზე და საჯარო მოხელეზე თავდასხმა მდაბიო საქციელია - წილოსანი

30.08.24 12:02
ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის თანამშრომელზე და საჯარო მოხელეზე თავდასხმა მდაბიო საქციელია - წილოსანი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი ოპოზიციურ სპექტრს თავს ესხმის - რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წარმომადგენლის გამოსვლასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებს "მდაბიო საქციელად" აფასებს.

"ქართული ოცნების" წევრი ხელისუფლების ოპონენტებს "ცალ ფეხზე მდგომ ლაქიებად" მოიხსენიებს და აცხადებს, რომ ოპოზიციისთვის სიტყვა "უცხო" თურმე მასტიგმატიზირებელია და პარლამენტის აპარატის წარმომადგენელი ქალის კნინობითად მოხსენიება კარგი ტონი ყოფილა.

ცალ ფეხზე მდგომი ლაქიები გამჭვირვალობის წინააღმდეგ ზოგადად რომ დამარცხდნენ, ეს ფაქტია. გუშინდელ საკონსტიტუციო პროცესზე მათგან რაიმე ახალს ან საინტერესოს არც არავინ ელოდა... თუმცა, გუშინ თვალში მოსახვედრი იყო საჯარო მოხელე ქალზე კნინობითი პოსტები. რომ კითხო, სიტყვა “უცხო” თურმე მასტიგმატიზირებელია და პარლამენტის აპარატის წარმომადგენელი ქალის კნინობითად მოხსენიება კარგი ტონი ყოფილა. როგორი მდაბიო საქციელია ოპოზიციის ყოფილი თუ აქტიური დეპუტატების მხრიდან პარლამენტის თანამშრომელზე და საჯარო მოხელეზე თავდასხმა. თეონა აქუბარდიას და ეკა ბესელიას კომენტარებზე არ გავამახვილებ ყურადღებას. ცხადია, რომ აქუბარდიაზე გაცილებით დიდი ცოდნა და კომპეტენცია აქვთ პარლამენტის თანამშრომლებს და ბესელიაზე გაცილებით მეტი ღირსება.

ჰოდა მოგწონთ ეს თუ არა, სწორედ ეს პარლამენტის წარმომადგენელი აგიხსნით სიტყვა “უცხოს” მნიშვნელობას და კონოტაციას, გაგახსენებთ ტერმინის შეცვლა რომ შემოგთავაზეთ და თქვენვე თქვით უარი... არადა, მთელი საკონსტიტუციო სარჩელები და თქვენი უბადრუკი მცდელობა, სწორედ ამ ტერმინზე გაქვთ აგებული“, - წერს ნინო წილოსანი.

რუსულ კანონზე მოპასუხე მხარემ კანონში გამოყენებულ ტერმინთან, "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია", დაკავშირებით განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ ტერმინი "უცხო" უარყოფითი კონტექსტით არ არის გამოყენებული, ამის მაგალითად კი "უცხო სამკაული", "უცხო ვარცხნილობა" ან "უცხოური განათლება" დაასახელა.