“როცა ვამბობთ: - უცხო სამკაული, უცხო ვარცხნილობა ან უცხო გარეგნობა, ეს აპრიორი არ ნიშნავს, რომ ან დადებითისკენ გადავიხარეთ ან - უარყოფითისკენ“- პარლამენტის წარმომადგენელი
რუსულ კანონზე მოპასუხე მხარის, პარლამენტის წარმომადგენელმა ქრისტინე კუპრავამ კანონში გამოყენებულ ტერმინთან “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ დაკავშირებით განმარტება გააკეთა და განაცხადა, ტერმინი "უცხო" უარყოფითი კონტექსტით არ არის გამოყენებული, ამის მაგალითად კი "უცხო სამკაული", "უცხო ვარცხნილობა" ან "უცხოური განათლება" დაასახელა.
კუპრავას თქმით, შემთხვევითი არ არის, როცა კანონის პირველივე მუხლში ჩაიწერა, რომ კანონი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის საქმიანობას არ ზღუდავს.
გავარკვიოთ რას ნიშნავს სიტყვები “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“. უნდა აღინიშნოს, რომ გასაკვირი იყო მოსარჩელის შუამდგომლობა, როცა ისინი ითხოვენ დაიკითხოს ფილოლოგი, თუ როგორ ესმის საზოგადოებას ეს სიტყვები. ვფიქრობთ, ეს საკითხი დასაფიქრებელია - ერთი რომელიმე სამეცნიერო ნაშრომით ვერ გადავწყვეტთ “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ არის თუ არა სტიგმატიზების ეფექტის მატარებელი.
გასაკვირი იყო პრეზიდენტის წარმომადგენლის სიტყვები, რომ მხედველობაში უნდა მივიღოთ შარშანდელი კანონპროექტის ტერმინი, რომელიც კანონად არ იქცა. ამას საკონსტიტუციო სასამართლო ვერ შეაფასებს, რადგან ის დღევანდელ კანონს და დღევანდელ ნორმას აფასებს.
როდესაც დეპუტატთა სარჩელზე წარმომადგენელი გამოდიოდა, ამბობდა: - მიხეილ ჯავახიშვილის სიტყვები არავისთვის არ არის უცხო. “უცხო“ - რა შთაბეჭდილება გვექმნება, დადებითი თუ უარყოფითი? ეს ფრაზა ადასტურებს იმას, რომ ცალკე აღებული ეს სიტყვა რომელიმე მნიშვნელობის მატარებელი არ არის და არის ნეიტრალური.
მაგალითად, ჩვენ ხშირად გავიგონებთ: - რა უცხო სამკაულია ან რა უცხო ვარცხნილობაა... როცა ჩვენ ვამბობთ: - უცხო სამკაული, უცხო ვარცხნილობა, უცხოური განათლება ან უცხო გარეგნობა, ეს აპრიორი იმას არ ნიშნავს, რომ ან დადებითისკენ გადავიხარეთ ან უარყოფითისკენ.
თუკი კონსტიტუციას ჩავხედავთ, იქაც ვნახავთ “უცხოელები“, “უცხო“, - განაცხადა ქრისტინე კუპრავამ სასამართლო სხდომაზე.
ამ წუთებში, საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის განხილვა მიმდინარეობს.
პრეზიდენტი, ოპოზიცია, მესამე სექტორი და ჟურნალისტთა კორპუსი რუსული კანონის შეჩერებას სამართლებრივად ითხოვს.