ჩვენ არ მოვითხოვთ ორგანიზაციებისგან, რომ წარადგინონ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემები - საჯარო მოხელე

30.08.24 13:29
ჩვენ არ მოვითხოვთ ორგანიზაციებისგან, რომ წარადგინონ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემები - საჯარო მოხელე

საკონსტიტუციო სასამართლოში იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი მოსამართლეთა პლენუმის წინაშე ამტკიცებდა, რომ რუსული კანონის ფარგლებში, საჯარო რეესტრი განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების აღრიცხვასა და გამოქვეყენბას არ მოითხოვს. 

რატი ბრეგაძის უწყების წარმომადგენელი ირწმუნება, რომ ივანიშვილის ხელისუფლების მიერ მიღებული რუსული კანონის ამოქმედების შემდეგ, პერსონალური მონაცემები, მხოლოდ და მხოლოდ, კანონით დაშვებული ფორმით დამუშავდება.

"დავამუშავებთ იმ მონაცემებს, რომლებიც საჭიროა გადაწყვეტილების მიღების დროს და არა ისეთ მონაცემებს, რომლებიც ვიღაცას რაღაცაში სჭირდება" - ამტკიცებს საჯარო მოხელე. 

პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობა ჩვენ გვავალებს, რომ მხოლოდ იმ ფორმით და იმ მასშტაბით დავამუშაოთ პერსონალური მონაცემები, რომლებიც საჭიროა გადაწყვეტილების მიღების დროს. ვერ იქნება ისე, რომ როგორც საჯარო რეესტრმა თავად რასაც ჩათვლის საჭიროდ ეგრე გამოითხოვოს ინფორმაცია, ან იმისთვის, რომ ვინმეს ასე დასჭირდა ან მოუნდა. 

საჯარო რეესტრი გამოაქვეყნებს მხოლოდ გადამოწმებულ საფინანსო დეკლარაციებს და არანაირ პერსონალური მონაცემების შემცველი, ისეთი რომელიც არ შეიძლება, რომ გასაჯაროვდეს და არ არის კანონთან შესაბამისობაში, არ იქნება გამჟღავნებული და ამაზე პასუხისმგებელი იქნება შესაბამისი უწყება. ზუსტად ამის გამო ჩაიწერა მინისტრის მიერ დამტკიცებულ დანართში, რომ არ მოგვაწოდონ განსაკუთრებული კატეგორიის ინფორმაცია. ჩვენ არათუ არ ვითხოვთ ამ ინფორმაციას, არამედ ვადგენთ, რომ არ მოგვაწოდონ", - ამბობს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი. 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ისტორიული პროცესი განახლდა - მოსამართლეთა კოლეგიამ რუსული კანონის განხილვის მეორე დღე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელების გამოკითხვით დაიწყო.