კანონი მასტიგმატიზირებელი არ არის და მისი მიზანია საზოგადოებამ დაინახოს, ვინ რას იღებს - იუსტიციის წარმომადგენელი

30.08.24 14:38
კანონი მასტიგმატიზირებელი არ არის და მისი მიზანია საზოგადოებამ დაინახოს, ვინ რას იღებს - იუსტიციის წარმომადგენელი

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეთა პლენუმის წინაშე წარდგენილი იუსტიციის მინისტრის მოადგილე ამტკიცებს, რომ რუსული კანონი მასტიგმატიზირებელი არ არის.

ბექა ძამაშვილი ქვეყნის მთავარ სასამართლოში ირწმუნება, რომ ივანიშვილის ხელისუფლების მიერ მიღებული ანტიდემოკრატიული კანონი საზოგადოებას მისცემს საშუალებას, დაადგინოს, თუ რამდენი პროცენტით ფინანსდება ორგანიზაცია და თითოეული სუბიექტის დაფინანსება საჯარო გახადოს. 

ჩვენ არ ვთვლით, რომ სახელდება ცალკე აღებული, თუნდაც, რამე ნიშნით მასტიგმატიზირებელია. გუშინ, სხვათა შორის, სასამართლოს მხრიდან წამოვიდა ძალიან საინტერესო შეფასება და ამაზეც ვიტყვი. რეესტრში აისახება არა მხოლოდ, 20 ან 25% უცხოური დაფინანსება რა იქნება, არამედ, მთლიანად. დაინტერესებული პირი როცა რეესტრში შევა, იქ ნახავს, რომ ეს ორგანიზაცია 20%-ით უცხოეთიდან ფინანსდება და 80%-ით საქართველოდან, ცალკე აღებული ობიექტი ინფორმაციას ნახულობს, ანუ რატომ შეიძლება ეს მასტიგმატიზირებელი იყოს, როდესაც ვნახულობ, რომ დაფინანსება უცხოეთიდანაც მიღებული აქვს და საქართველოდანაც, ან როგორ შეიძლება ამის აღმასრულებელი რეესტრი იყოს მასტიგმატიზირებელი. რეესტრი ჩაკეტილი რომ ყოფილიყო, უბრალოდ 20%-ს ჩვენ დავადგენდით და ადამიანი ვერ გაიგებდა, რეალურად ეს ადამიანი რას საქმიანობს, დაფინანსება რამდენი მიიღო, ქართული დაფინანსებაც აქვს თუ არა, აქ შეიძლებოდა რაღაც კითხვები ყოფილიყო, მაგრამ ეს სრული სურათის წარმოჩენაა იმისათვის, რომ საზოგადოებამ დაინახოს, რეალურად ვინ, რას იღებს“, - განაცხადა ძამაშვილმა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ისტორიული პროცესი განახლდა - მოსამართლეთა კოლეგიამ რუსული კანონის განხილვის მეორე დღე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელების გამოკითხვით დაიწყო.