ირაკლი კობახიძის პირადი მარცხი - ოპოზიცია საპატრიარქოს უარზე

02.09.24 12:43
ირაკლი კობახიძის პირადი მარცხი - ოპოზიცია საპატრიარქოს უარზე

“ქართული ოცნება“ სასოწარკვეთილია, ჩვენ ვიხილეთ ირაკლი კობახიძის პირადი მარცხი - ასე აფასებს ოპოზიცია საპატრიარქოსგან კატეგორიულ უარს, მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებით.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ივანიშვილის გუნდმა კრახი განიცადა,  რადგან საპატრიარქოსგან არჩევნებში დახმარებაზე უარი მიიღო.

მათივე თქმით, სწორედ ამას ემსახურებოდა ირაკლი კობახიძის შეთავაზებაც, თუმცა ილია მეორისგან და წმინდა სინოდისგან უარი მიიღეს.

ამ თემის შემოგდებას რამდენიმე მიზანი ჰქონდა. პირველი იყო ის, რომ შეეცადნენ კიდევ ერთხელ დაეყოთ ქართული საზოგადოება, მაგრამ არ გამოუვიდათ, მეორე - ისინი ცდილობდნენ, რომ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე კონტროლი მოეპოვებინათ, თუმცა არც ეს გამოუვიდათ, “- ამბობს “ერთიანობის“ ლიდერი, გია ჯაფარიძე.

ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ეს არის მმართველი გუნდის მცდელობა, მრევლი მიიყვანოს საარჩევნო უბანზე.

“ოცნებამ“ იცის, რომ აგებს ამ არჩევნებს, რადგან აღარანაირი ნდობა აღარ აქვს საზოგადოებაში და ცდილობს ამისთვის გამოიყენოს ეკლესიის მაღალი ავტორიტეტი, გარკვეული უპირატესობის მისაღწევად. ის ფაქტი, რომ შეთავაზება საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას ეფუძნებოდა, თავად საპატრიარქომ უარყო და დაქვემდებარებაც კი უწოდა, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ უბრალოდ გამოყენება სჭირდებოდათ მათ“,- აცხადებს თეონა აქუბარდია.

რამდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ ივანიშვილმა საპატრიარქოსთან მთავარ მომლაპარაკებლად ირაკლი კობახიძე შეარჩია. "პირველებს" მამა გიორგი ზვიადაძემ დაუდასტურა, რომ სწორედ პრემიერ-მინისტრი ცდილობდა, მეუფე შიოს დათანხმებას, რომ მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოეცხადებინათ. სასულიერო პირის თქმით, კიდევ ერთი საკითხი მე-8 მუხლში ჩანაწერის შეტანას ეხებოდა, რომელიც გულისხმობს, რომ სახელმწიფოების საყრდენად ეკლესია გამოცხადდეს. მისივე ცნობით, კიდევ ერთი შეთანხმება ეკლესიის როლის გაძლიერებას ეხებოდა. ამასთან, მამა გიორგი ზვიადაძემ აღნიშნა, რომ ეკლესია საკუთარ მოღვაწეობას კონსტიტუციაში ჩანაწერის გარეშეც განაგრძობს.

შეხვედრა პრემიერსა და სასულიერო პირებს შორის 30 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა.