მმართველი პარტიის მტკიცებით, რუსულ კანონს საკმარისზე მეტი ორგანიზაცია ემორჩილება

02.09.24 14:19
მმართველი პარტიის მტკიცებით, რუსულ კანონს საკმარისზე მეტი ორგანიზაცია ემორჩილება

მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ რუსულ კანონს საკმარისზე მეტი ორგანიზაცია ემორჩილება.  “ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ე.წ აგენტების რეესტრში ხუთასზე მეტი ორგანიზაცია დარეგისტრირდა.

მისივე მტკიცებით, ბევრი ადამიანი იყო ამოფარებული მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც სინამდვილეში ჩვეულებრივი პარტიული ფუნქციონერები აღმოჩნდნენ.

ნებისმიერი დემოკრატიის მთავარი პირობაა ის, რომ საზოგადოებას ფინანსების თაობაზე ინფორმაცია ჰქონდეს. მიმდინარე თვეებმა დაგვანახა, რომ თურმე, საზოგადოებისთვის ბევრი იყო დაფარული. ვინც ამოფარებული იყო მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სინამდვილეში აღმოჩნდნენ ჩვეულებრივი პარტიული ფუნქციონერები, პარტიებად გადაკეთდნენ კიდეც.

ამ პროცესის განმავლობაში ყველაზე რადიკალური ჯგუფები, ვინც კანონს უპირისპირდებოდნენ, თავად დარეგისტრირდნენ. ისინი მოწოდებით გამოვიდნენ, სხვებმაც გაიარონ რეგისტრაცია, მაგრამ "თავისუფლების დამცველები", "დემოკრატიის შუქურის" დამცველები ამ ორგანიზაციას დაესივნენ და მასზე უპრეცედენტო ზეწოლა მოახდინეს. ეს იყო ბულინგი და საინფორმაციო ზეწოლა. 24 საათიც არ დასჭირდა იმას, რომ ორგანიზაცია ისე დააბულინგეს, რომ თავისი გადაწყვეტილება შეაცვლევინეს.

ამან კიდევ ერთხელ აჩვენა რადიკალების ხასიათი, რომ მზად არიან, საკუთარი ინტერესების გამო ყველას დაუპირისპირდნენ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2 სექტემბერი ე.წ აგენტების რეესტრში დარეგისტრირების ბოლო დღეა. 

ასევე ნახეთ: