არჩევნების წინ ხელისუფლება ბოლო რესურსებს ისვრის - კორძაია
"არჩევნების წინ ხელისუფლება ბოლო რესურსებს ისვრის" - ასე ეხმაურება "ერთიანობის" ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია ISFED-ის ანგარიშს, სადაც ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო იყო აღწერილი.
თამარ კორძაიას განცხადებით, "ოცნების" მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და ამომრჩევლის მოსყიდვა "ბოლო გაბრძოლებაა".
არჩევნების წინ ხელისუფლება ბოლო რესურსებს ისვრის. თუ რამით შეიძლება, რომ ამომრჩეველი მოისყიდოს, მოატყუოს, ყველაფერი გამოყენებული აქვს იმისათვის, რომ რეგიონებში ადამიანები მოისყიდონ. მაგალითად, სასწრაფოდ დაუგონ გზა, მაგრამ ამ გზას ვინ დააგებს, ისევ მათი კომპანიები, ახლობლები და ისევ ისინი იშოვიან გზას და გზა არჩევნების მერე ისევ დასაგები დარჩება. ეს ყველაფერი არის ბოლო გაბრძოლება "ოცნების" მხრიდან. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, მოსყიდვით და ა.შ.", - ამბობს თამარ კორძაია.
საჯარო მოხელეების იძულება, ამომრჩევლის მოსყიდვა, პარტიასა და სახელმწიფოს შორის წაშლილი ზღვარი, პოლარიზებული გარემო და მმართველი პარტიის ანტიდასავლური რიტორიკა - როგორ გამოიყურება წინასაარჩევნო გარემო ქვეყანაში? მონიტორინგის ანგარიში "სამართლიანმა არჩევნებმა" გაასაჯაროა.