"ოცნების" დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე, მისი და საკუთარი ოჯახის წევრების ქონების ნაწილს მალავს - "აი, ფაქტი"
"ოცნების" დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე, მისი და საკუთარი ოჯახის წევრების ქონების ნაწილს მალავს - ამის შესახებ "აი, ფაქტი" წერს.
როგორც ჟურნალიტური გამოძიებით დგინდება, საჯარო სამსახურის ბიურომ 2018, 2019, 2020 და 2022 წლებში მისი ქონება შეამოწმა და ოთხივე ჯერზე უარყოფითი დასკვნა დაწერა. ჯაფარიძემ დეკლარაციებში სრულად არც საკუთარი ქონება მიუთითა და არც ოჯახის წევრების. არასრულად იყო მითითებული ინფორმაცია მის სამეწარმეო საქმიანობაზე, შემოსავლებზე, საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვებსა თუ ხარჯებზე.
"აი, ფაქტი" წერს, რომ ბოლო დეკლარაცია მან 2023 წლის დეკემბერში შეავსო, რომელშიც 2022 წლის მდგომარეობაა ასახული.
ვიქტორ ჯაფარიძემ დეკლარაციაში არ მიუთითა ინფორმაცია მეუღლის, ნათია ხვისტანის მიერ 2022 წელს, 800 000 ლარად გაყიდული შპს “all season-ის” წილის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ 800 000 ლარის შემოსავალი დამალა.
დეკლარაციაში არც “შპს სეტი+”-ს შემოსავალია ასახული. ეს ის კომპანიაა, რომელიც დეპუტატის კუთვნილ სასტუმრო “ფოსტას” ფლობს და მხოლოდ ამ კომპანიას, 2022 წელს, 126 000 ლარზე მეტის გამარტივებული შესყიდვა ჰქონდა. უცნობია, რა შემოსავალი მიიღო სასტუმრომ 2022 წელს ფიზიკური პირებისგან.
დეკლარაციაში მოხვდა შპს “ქცია 94”, რომლის 66.9%-ს ასევე ჯაფარიძის მეუღლე ფლობს. თუმცა, რატომღაც, დეპუტატს ისევ “გამორჩა” კომპანიის მოგების შესახებ ინფორმაცია – ეს მაშინ, როცა კომპანიის 2022 წლის სუფთა მოგება 859 530 ლარი იყო.
დეკლარაციაში არც გასავალი ჩანს. მაგალითად, ტელეკომპანია “პოსტ ტვ”-ს წილისთვის გადახდილი 520 000 ლარი.
"აი, ფაქტი" ასევე წერს, რომ:
- ვიქტორ ჯაფარიძის ორი შვილი, ოთარი და ეკა მთავრობის სხვადასხვა რგოლში დასაქმებულიც იყვნენ. უფროსი ვაჟი, ოთარ ჯაფარიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა, სულ მცირე 2024 წლის დასაწყისამდე.
- ეკა ჯაფარიძე 2024 წლის თებერვლამდე მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის პროტოკოლის სამსახურში მუშაობდა. მისი ახლანდელი თანამდებობა უცნობია, თუმცა მის სოციალურ ქსელში სამუშაო ადგილად ისევ მთავრობის ადმინისტრაციაა მითითებული.
- პარალელურად კი, ჯაფარიძის სამივე შვილის კომპანიები აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო ტენდერებში. მაგალითად, უმცროსი შვილის, 19 წლის გიორგი ჯაფარიძის კუთვნილ კომპანიებს, ჯამში, 9.2 მილიონი ლარის ხელშეკრულებები აქვს მიღებული.
როგორ გამდიდრდა მესტიის “ფეოდალი” ვიქტორ ჯაფარიძე - "აი ფაქტის გამოძიება" ნახეთ სრულად აქ