"ოცნება" ამტკიცებს, რომ ქვეყნის გამთლიანების საკითხი შორს არ არის და ამისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება
საკონსტიტუციო უმრავლესობა გვჭირდება იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც დღის წესრიგში დადგება უკვე საქართველოს გამთლიანების საკითხი, ჩვენ დაგვჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები შეტანა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრი ლევან მაჭავარიანი საუბრობს. რუსეთის მუქარის ფონზე სახელისუფლებო გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ ქვეყნის გამთლიანების საკითხი შორს არ არის და ამაში ენმ მხოლოდ ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება.
ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა გვჭირდება იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც დღის წესრიგში დადგება უკვე საქართველოს გამთლიანების საკითხი, ჩვენ დაგვჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები შეტანა, რაშიც, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ იმედი არ გვაქვს. ისინი შემოიტანენ ამ პროცესშიც დესტრუქციას. იმდენად სწრაფად ვითარდება მოვლენები გეოპოლიტიკურ ჭრილში და იმდენად სწრაფად იცვლება გეოპოლიტიკური კონიუქტურა, ზოგადად, რომ შეიძლება ეს საკითხი უფრო მალე დადგეს, ვიდრე ჩვენ ეს წარმოგვედგინა. შესაბამისად, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, - ამბობს ლევან მაჭავარიანი.
პუტინის რეჟიმი ოკუპირებული აფხახეთისა და ცხინვალის რეგიონის მიერთებაზე ალაპარაკდა. გამოცემა "ნიუს რუ"-თვის მიცემულ ინტერვიუში ვიქტორ ვოდოლაცკიმ განაცხადა, რომ ეს საკითხი რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყდეს. ამ ფონზე კი საქართველოს ხელისუფლება ისევ დუმილის რეჟიმშია.