ხმაური და დაპირისპირება საქალაქოში - მანდატურებმა ლევან ხაბეიშვილი ძალის გამოყენებით გამოაძევეს

06.09.24 19:20
ხმაური და დაპირისპირება საქალაქოში - მანდატურებმა ლევან ხაბეიშვილი ძალის გამოყენებით გამოაძევეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური და დაპირისპირებაა - ირაკლი ნადირაძის პროცესის პარალელურად, მანდატურებმა სხდომათა დარბაზიდან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი და ადგილზე მყოფი პირები ძალის გამოყენებით გამოაძევეს.

"პირველების" კორესპონდენტის ინფორმაციით, დაპირისპირებამდე მოსამართლემ მხარეებს პროცესზე მოწმეების დაკითხვა შესთავაზა, რამაც ლევან ხაბეიშვილის გაღიზიანება გამოიწვია.

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მოსამართლის შეთავაზების უკან საქმის გაჭიანურების სურვილი დგას.

ცნობისთვის, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის პროცესი მიმდინარეობს.

მანამდე კი, საქალაქოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ეძგვერაძის პროცესი გაიმართა. 48-საათიანი პატიმრობის შემდეგ, ირაკლი ეძგვერაძე გაათავისუფლეს. მომდევნო სხდომა 13 სექტემბერს ჩაინიშა.

შეგახსენებთ, რომ ხმაური და დაპირსპირება ირაკლი ეძგვერაძის სახლთან 4 სექტემბერს, გვიან ღამით დაიწყო. საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს ხელბორკილები პოლიციამ დაადო. გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს, რომ გლდანში იმ დროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. კადრებში ისმის ხმაც, რომ "არიან პოლიციელები და აკავებენ".

შინაგან საქმეთა სამინისტროშიი ამტკიცებენ, რომ ეძგვერაძის დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა, რადგან დაკავებულმა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ასრულებდნენ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, ხელი შეუშალა. თუმცა ამ ვერსიის არ სჯერათ "ერთიანობის კოალიაციაში", ფიქრობენ, რომ ეს "ოცნების" დაანონსებული შურისძიებისს დასაწყისია წინასაარჩევნოდ. 

  • ირაკლი ეძგვერაძე ამბობს, რომ დაკავების მომენტში სამართალდამცველებმა მის მიმართ ძალას გადაამეტეს. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ ოპოზიციონერის უფლებადამცველმა იზოლატორიდან გამოიტანა. ადვოკატის თქმით, ენმ-ს საკრებულოს წევრს ჩალურჯებები და სისხლნაჟღენთები ახლაც ეტყობა.