ივანიშვილის მხრიდან ოპოზიციაში არის გარკვეული ბინძური გარიგებები, რასაც ოპოზიციიდან პასუხის გაცემა სჭირდება - ხოშტარია
"ივანიშვილის მხრიდან ოპოზიციაში არის გარკვეული ბინძური გარიგებები, მოსყიდვები და ა.შ., რასაც ოპოზიციიდან პასუხის გაცემა სჭირდება" - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა იმის პასუხად, თუ რატომ მოაწერა კოალიციამ ხელი დოკუმენტს, რომლითაც უარს ამბობს არჩევნების შემდეგ "ქართულ ოცნებასთან" მთავრობის ფორმირების საკითხში თანამშრომლობაზე.
ელენე ხოშტარიას განმარტებით, საზოგადოებაში ოპოზიციური სპექტრის მიმართ ნდობის დაბალი ხარისხი არსებობს, რისთვისაც საჭიროა, ხელისუფლების ოპონენტებმა დადონ პირობა, რომ "ოცნებასთან" გარკვეული სახის გარიგებებში არ შევლენ და მათთან არ ითანამშრომლებენ.
ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ საზოგადოებაში მომწიფებულია ცვლილების წყურვილი. ამასთანავე, საზოგადოებაში არის შეკითხვა, თუ როგორ მოხდება ცვლილება. ერთ-ერთი ბარიერი, რომელიც ამ ცვლილებას შეიძლება ჰქონდეს, ეს არის ივანიშვილის მხრიდან ოპოზიციაში გარკვეული ბინძური გარიგებები, მოსყიდვები და ა.შ., რაზეც ოპოზიციიდან პასუხის გაცემა სჭირდება. ოპოზიციას უნდა ჰქონდეს მკაფიო პასუხი, რომ კონკრეტული დეპუტატები, რომლებიც იქნებიან პარლამენტის წევრები, დააფიქსირებენ, რომ მე არ დავამყარებ არანაირ კავშირს "ქართულ ოცნებასთან". ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან რეალურად საზოგადოებაში ნდობის დეფიციტია", - ამბობს ელენე ხოშტარია.
ცნობისთვის, დღეს, 9 სექტემბერს, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, არჩევნების შემდეგ პარლამენტში არჩეული არცერთი წარმომადგენელი არ ითანამშრომლებს "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან მთავრობის ფორმირების საკითხში.