ჩვენი კოალიციის წევრი დააკავეს - "ძლიერი საქართველო" პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს

10.09.24 13:38
ჩვენი კოალიციის წევრი დააკავეს - "ძლიერი საქართველო" პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები პოლიტიკურ დევნაზე და რეპრესიებზე საუბრობენ - საბა ბუაძის თქმით,  დაკავებულია საგარეჯოს ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელი,  ვუსალ კაიბოვი.

პოლიტიკოსი ამბობს, რომ კაიბოვის სახლში სპეცოპერაციის შედეგად ამოღებულ იარაღთან, არც კოალიციის წევრს და არც მისი ოჯახის არცერთ წევრს შეხება არ აქვს. 

ხელისუფლების დაკარგვის შიშისგან აკანკალებული ივანიშვილის რუსული სისტემა აგრძელებს პოლიტიკურ დევნას. გუშინ, იორმუღანლოში დაიჭირეს ჩვენი მხარდამჭერი და აქტიური წევრი, ჩვენი რეგიონალური ლიდერის, აგილ მუსტაფაევის ვიზიტის პარალელურად, ვუსალ კაიბოვი დააკავეს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის ჩვენს ადგილობრივ ლიდერებთან ერთად იყო შეკრებილი და ცხადია, რომ არსებობს ერთადერთი პოლიტიკური ნიშანი, სრულიად აბსურდული მოცემულობის გამო ადამიანი დააკავეს და გააგრძელეს ამით პოლიტიკური დავალების და დაკვეთის შესრულება ადამიანებმა, რომლებიც არიან შეშინებულები ხელისუფოების დაკარგვით.

26 ოქტომბერს ეს სისტემა აუცილებლად დაასრულებს ფართხალს, როცა დამთავრდება ივანიშვილის რუსული მმართველობა და მასთან ერთად  დასრულდება პოლიტიკური დევნა. 
გუშინ ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური ანგარიშსწორების კიდევ ერთი ძალიან ცალსახა მაგალითი.

ჩვენ ძალიან მჭიდროდ გავაგრძელებთ მუშაობას და ყველა ადამიანის გვერდით დგომას, რომელიც თავისი წვლილის შეტანისთვის არის მზად ამ რუსული სპეცოპერაციის შესაჩერებლად. ჩვენ ყველა იმ ადამიანთან ვიბრძოლებთ, რომელიც ხელისუფლების მხრიდან განიცდის შევიწროებას, მაგრამ ამ ყველაფრის დასასრულებლად მთავარი იარაღი არის ჩვენს ხელში, ამომრჩევლების ხელში - ეს არის ხმა, რომელიც უნდა მივცეთ ცვლილების სასიკეთოდ ამ რუსული რეჟიმის საწინააღმდეგოდ და უნდა გავაფორმოთ საზოგადოებაში არსებული განწყობა 26 ოქტომბრის სარეფერენდუმო მნიშვნელობის არჩევნებზე, სადაც დასრულდება იარაღის ჩადება და პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა." - თქვა საბა ბუაძემ. 

განახლება: შინაგან საქმეთა სამინისტროში ამტკიცებენ, რომ  ვუსალ კაიბოვის სახლიდან ჩხრეკის შედეგად იარაღი ამოიღეს. 

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 2 ცეცხლსასროლი იარაღი და 59 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.