საჯარო რეესტრი ორი საათი ადრე დაკეტეს - მიზეზი "ოცნების " პარტიული ღონისძიებაა
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ორი საათით ადრე დაკეტეს - მიზეზი "ქართული ოცნების " პარტიული ღონისძიებაა.
წყარო საჯარო რეესტრიდან "პირველებს" ეუბნება, რომ თანამშრომლები სამსახურიდან დროზე ადრე, 15:30 საათისთვის გაუშვეს, რადგან ძალოვნების კვარტალში "ოცნების" პარტიული ღონისძიებისთვის დიდი მზადებაა და თან იქ ბიძინა ივანიშვილს ელოდებიან.
"პირველების" კითხვაზე, რატომ ტოვებდნენ სამსახურს, საჯარო მოხელეები თავდაპირველად დაიბნენ, მოგვიანებით კი თქვეს, რომ სამსახურიდან ტექნიკური პრობლემის გამო დაითხოვეს.
"ადრე მოვედი და ადრე დავასრულე"... "მანქანის გადასაყენებლად მივდივარ"... "ტექნიკური პრობლემაა"... "ქსელის განახლება მიმდინარეობს"... ამბობდნენ "ტვ პირველის" კამერასთან საჯარო რეესტრის თანამშრომლები, რომლებსაც შენობა 2 საათით ადრე დაატოვებინეს.
საპირისპირო დაადასტურა "ტვ პირველის" ექსპერიმენტმა - უწყებაში "პირველების" ჟურნალისტს უთხრეს, რომ სერვერი გამართულად მუშაობს.
იგივეს იმეორებს საჯარო რეესტრის შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსი - გიორგი ბედია კატეგორიულად გამორიცხავს საჯარო რეესტრში რაიმე სახის პრობლემას.
"ქართულმა ოცნებამ " დღეს საარჩევნო სიის პირველი ოცეული უნდა დაასახელოს.