პატიმრობის 24 საათი დასრულებულია - ვუსალ კაიბოვმა იზოლატორი დატოვა
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" საგარეჯოს ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვუსალ კაიბოვმა წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა.
მიზეზი პროკურატურის გადაწყვეტილება გახდა - ბრალდების მხარე ოპოზიციონერის პატიმრობას აღარ ითხოვს.
გაირკვა ისიც, რომ პროკურატურამ ვუსალ კაიბოვისთვის წარდგენილი მუხლი შეცვალა და ახლა მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავება.
როგორც არჩილ ჭავჭანიძე "პირველებთან" ამბობს, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით მიმდინარეობდა, რაც თავისუფლების აღკვეთას 6-წლამდე ვადით ითვალისწინებდა. თუმცა ადვოკატის ცნობით, მუხლის გადაკვალიფირების შედეგად, გამოძიება ბრალდებულს სანადირო თოფის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.
სიღნაღის რაიონულ სასამართლოში მხარეები უახლოეს საათებში აღკვეთი ღონისძიების სახეებზე იმსჯელებენ, თუმცა წინასწარ არის ცნობილი, რომ პროკურატურის შუამდგომლობა გირაო იქნება.
მოუწია პროკურატურას მოეხდინა კვალიფიკაციის შეცვლა და 236 მუხლის მესამე ნაწილის ნაცვლად, ბრალი წარედგინა 236 მუხლის პირველი ნაწილით. ის დაკავებისა და ბრალის წარდგენის დღიდანვე თავს ცნობდა უდანაშაულოდ ყველა ბრალდებაში და შესაბამისად, ახალ წარდგენილ ბრალდებაშიც აცხადებს, რომ თავს გრძნობს უდანაშაულოდ. რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, აღკვეთი ღონისძიების სახით პროცესი უნდა წარიმართოს სიღნაღის სასამართლოში, რადგან სასამართლოს მოუწევს იმსჯელოს აღკვეთი ღონისძიების სახის გამოყენებაზე. მნიშნელოვანია ის გარემოება, რომ პროკურატურა არასაკმარისი მტკიცებულებების და ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, გახდა იძულებული, რომ მოეხდინა აღნიშნული მუხლის გადაკვალიფიცირება", - ამბობს ადვოკატი.
ცნობისთვის, იორმუღანლოში ვუსალ კაიბოვი, გუშინ, 10 სექტემბერს დააკავეს. მას ოფიციალურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბარძოლო მასალის შენახვას ედავებიან. თუმცა ოჯახი ირწმუნება, რომ იარაღი მათ სახლში პოლიციამ ჩადო და ეს მტკიცებულებებით დადასტურდება.
დაკავების ფაქტი კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებმა პოლიტიკურ დევნად შეაფასეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ კაიბოვის დაკავების ბრძანება კახეთის კრიმინალურმა პოლიციამ მას შემდეგ მიიღო და შეასრულა, რაც საგარეჯოში ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა წინასაარჩევნო შეხვდრები დაიწყო.