რუსული დაზვერვა ამტკიცებს, რომ "აშშ საქართველოში ხელისუფლების შეცვლას ძალადობრივი მეთოდებით ცდილობს", ოპოზიცია კობახიძის გზავნილებს იხსენებს
შტატების მიზანი საქართველოში არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენაა - ამ შინაარსის განცხადებას რუსეთის დაზვერვა აკეთებს. დაზვერვის შეფი სერგეი ნარიშკინი ამტკიცებს, რომ დასავლეთი ქართულ არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს.
რუსეთის დაზვერვისა და ირაკლი კობახიძის ინდეტურ განცხადებებზე ამახვილებს ყურადღებას ქართული ოპოზიცია.
"ქართული ოცნების" ოპონენტების თქმით, ორივეს ერთი ბოსი, ვლადიმერ პუტინი ჰყავთ.
ის, რომ დღეს ერთხმად საუბრობენ კობახიძე და რუსი პროპაგანდისტები და რუსული ხელისუფლების წარმომადგენლები, ამაში არ არის არაფერი გასაკვირი, იმიტომ, რომ მათ ჰყავთ ერთი და იგივე უფროსი, ამ უფროსს ჰქვია ვლადიმერ პუტინი და მისი რეჟიმი და მათი ამოცანა დღეს არის, საერთო ამოცანა საქართველოში რუსული ხელისუფლების შენარჩუნება, იმისთვის, რომ საბოლოოდ ჩამოაშორონ ჩვენი
ქვეყანა დასავლური განვითარების კურს, მოაქციონ აბსოლუტურ იზოლაციაში, სიღატაკეში და საბოლოოს დაუქვემდებარონ ჩვენი სახელმწიფო პუტინის კონტროლს, - ამბობს "ძლიერი საქართველოს" ლიდერი სალომე სამადაშვილი.
ენმ-ს გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი დარწმუნებულია, რომ მოქმედი ხელისუფლება რუსეთის მითითებებით მოქმედებს და რადგან ოკუპანტს არ სურს, საქართველო ევროგაერთიანებაში იხილოს.
ხელისუფლებაში ნამდვილად გვყავს რუსეთზე მიბმული სუბიექტები, რომლებიც მოქმედებენ სწორედ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის ნარიშკინის მითითებებით, იმიტომ, რომ სწორედ ეს ადამიანი ჰყავს მომაგრებული პუტინს საქართველოს კურატორად, ამიტომ არის, რომ ეს ადამიანი საერთოდ არ ჩნდება პრესაში, თუკი საკითხი არ ეხება საქართველოს. სწორედ ამ დროს აკეთებს ის კომენტარებს და მე სულაც არ მიკვირს, თუ კობახიძისა და ამ სუბიექტის განცხადებები, მიდგომები ერთმანეთს ემთხვევა და ზედმიწევნით მეორდება. აქ მნიშვნელოვანია, როდესაც ნარიშკინი ამბობს, რომ აშშ და ოპოზიცია ხელს უშლის "ქართულ ოცნებას", უნდა დავსვათ შეკითხვა: რაში უშლის ხელს? იმაში ხომ არა, რომ "ქართულ ოცნებას" სურს, საქართველო პირდაპირ რუსეთს მიაბას? "ოცნების" მიზანია, რომ საქართველომ თავის ისტორიულ მიზანს - ევროატლანტიკური ოჯახის წევრობას ვერ მიაღწიოს და ამაში უშლის ხელს ოპოზიცია, რადგან ოპოზიციას, ისევე როგორც ქართველ ხალხს, უნდა საქართველოს ხილვა ევროპაში, რათა მათი შვილები და შემდგომი თაობები იყვნენ ევროატლანტიკური ოჯახის წევრები, "ქართული ოცნება" კი ადგას დიამეტრულად განსხვავებულ გზას, რაც მოსწონს რუსეთს და რაშიც ჩვენ ხელს ვუშლით", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა.
ამ ფონზე "ქართული ოცნება" ისევ ამტკიცებს, რომ რუსულ ნარატივს სწორედ"ნციონალური მოძრაობის" განცხადებები ემთხვევა
მე არ მინახავს რუსეთის დაზვერვის სამსახურის განცხადება შესაბამისად, რაიმე სახის კომენტარის გაკეთება გამიჭირდება.ერთადერთს გეტყვით, უბრალოდ რომ რუსულ ნარატივს ყოველთვის ემთხვეოდა და ემთხვევა ჩვენი კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებები და ის, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" გააკეთა რუსეთისთვის, საქართველოს ისტორიაში ალბათ არავის რა გაუკეთებია მაგდენი სიკეთე, ბრჭყალებში სიკეთე რუსეთისთვის, რაც გაუკეთა "ნაციონალურმა მოძრაობამ". ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და დავიცავით ბოლომდე ჩვენი ღირსეული სამხედროების ინტერესები, ხოლო "ნაციონალურმა მოძრაობამ" ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთის ინტერესები, რაც შეიძლება ფართოდ ყოფილიყო წარმოდგენილი საქართველოში, - ამბობს იუსტიციის მინისტრი რატო ბრეგაძე.
ორი დღის წინ საქართველოს პრემიერმა დასავლელი პარტნიორები, ფაქტობრივად, ოპოზიციის სასარგებლოდ ქართულ არჩევნებში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულა.