ცალსახად პოლიტიკური დევნაა - "ძლიერი საქართველო" ვუსალ კაიბოვის საქმეზე

11.09.24 15:39
ცალსახად პოლიტიკური დევნაა - "ძლიერი საქართველო" ვუსალ კაიბოვის საქმეზე

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სამუშია საგარეჯოში, ვუსალ კაიბოვის დაკავების უკან ივანიშვილის ხელისუფლების კვალს ხედავს - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ მისი თანაგუნდელი პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გახდა. 

ლევან სამუშია დარწმუნებულია, რომ კოალიციის საგარეჯოს ორგანიზაციის ერთ-ერთ ლიდერს ბორკილები პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართვის გამო დაადეს. 

ეს არის ცალსახად პოლიტიკური დევნა იქიდან გამომდინარე, რომ აწ უკვე გათავისუფლებული პიროვნება არის ჩვენი კოალიციის აქტივისტი, დიდი მხარდაჭერი. თავის თემში და სოფელში პატივისცემით სარგებლობს. ეს იცოდა ხელისუფლებამ და მათ მისი ნეიტრალიზება გადაწყვიტეს. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ როგორც მის, ასევე საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებებს", - ამბობს სამუშია. 

ამასთან, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია 10 სექტემბერს, საგარეჯოში, სამართალდამცველების მიერ ვუსალ კაიბოვის დაკავების ფაქტს "პოლიტიკურ მოტივაციად" აფასებს.

რაც ჩვენი მეგობრის და თანამებრძოლის დაკავებას ედო საფუძვლად, ეს არის პოლიტიკური მოტივაცია, რადგან რუსეთის მსახური ხელისუფლება რუსული ხერხების გამოყენებით ცდილობს, რომ დასაჯასოს ადამიანები საკუთარი პოლიტიკური რწმენის და მოტივაციის, აქტივობის გამო. არაფერი არსებითი ამ საქმეში არ ყოფილა. ეს არის სრულიად პოლიტიკური მცდელობა ოპონენტებზე ზეწოლისა მათი პოლიტიკური ხედვების და აქტივობების გამო. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს საქმე მივა ბოლომდე სიმართლის, ჩვენი მეგობრისა და სამართლის გამარჯვებით და ყველაზე დიდი გამარჯვება, რაც გველის, იქნება 26 ოქტომბერს", - ამბობს გეგელია. 

ცნობისთვის, იორმუღანლოში  ვუსალ კაიბოვი, გუშინ, 10 სექტემბერს დააკავეს, თუმცა 24-საათიანი პატიმრობის შემდეგ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" საგარეჯოს ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვუსალ კაიბოვმა წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა

მიზეზი პროკურატურის გადაწყვეტილება გახდა - ბრალდების მხარე ოპოზიციონერის პატიმრობას აღარ ითხოვს. გაირკვა ისიც, რომ პროკურატურამ  ვუსალ კაიბოვისთვის წარდგენილი მუხლი შეცვალა და ახლა მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავება. 

მსგავსი სიახლეები