"გადაღება ვერ მოვასწარი, ჩვენი კამერა ღამე ვერ იღებს, სინათლე არ აქვს" - რა ხდებოდა ირაკლი ნადირაძის პროცესზე?
რა მტკიცებულებების საფუძველზე გამოაცხადეს ირაკლი ნადირაძე სამართალდამრღვევად? - სასამართლო პროცესზე დაკითხული სამი პოლიციელიდან პირველი ამტკიცებდა, რომ ნადირაძე და ირაკლი ეძგვერაძე გლდანში შეკრებილ ხალხს გზის გადაკეტვისკენ მოუწოდებდა.
პოლიციელი ასევე ამბობდა, რომ გლდანში იმ დღეს ბევრი ადამიანი იყო შეკრებილი, რის შემდეგაც სასამართლო პროცესზე ბრალდებულის სკამზე მჯდომმა ნადირაძემ, მოწმე პოლიციელს ჰკითხა - თუ გარეთ 50-მდე ადამიანი იყო, რატომ მოხდა ამ 50 ადამიანიდან მხოლოდ ორის, მისი და ირაკლი ეძგვერაძის ამორჩევა და დაკავება? თუმცა მოსამართლემ ნინო ენუქიძემ ოპოზიციონერს კითხვის დასმა გააწყვეტინა.
"სამწუხაროდ (მოსამართლე) თქვენ არ მიეცით შესაძლებლობა პოლიციელს, რომ ეპასუხა - უთხრა ნადირაძემ მოსამართლეს.
"პოლიციელი ნომერი 2" კი სასამართლოზე ისეთ რამეს ამტკიცებდა, რაც საქმის ოქმში ასახული საერთოდ არ იყო. სამართალდამცველი ირწმუნებოდა, რომ ნადირაძე პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებდა და "კრიმინალებს" ეძახდა.
ნადირაძის კითხვაზე - "შეურაცხყოფას თუ მედავებიან, ეს ოქმში რატომ არ წერია?" პოლიციელმა უპასუხა, რომ შეურაცხყოფის გარდა ოპოზიციონერისგან სხვა არაფერი გაუგია და ისიც დაადასტურა, რომ ამის შესახებ ოქმში არაფერი დაუფიქსირებია.
პოლიციელმა მოსამართლეს ასევე უთხრა, რომ ნადირაძეს გლდანში პოლიციის საბუთი წარუდგინა, რაზეც ოპოზიციონერმა თქვა, რომ მოწმე იტყუება.
სირცხვილია, იტყუებით! ცხოვრებაში არ მინახავს პოლციელის საბუთი. მომწეები ფიცს დებენ რამეზე, სანამ ჩვენებას მისცემენ? - კითხა ნადირაძემ მოსამართლემ.
საინტერესო იყო მესამე პოლიციელის ჩვენება - "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის კითხვაზე, იღებდა თუ არა იმ ღამით სამხრე კამერები და არსებობს თუ არა მტკიცებულებები იმისა, რაც მოწმეებმა სასამართლოზე განაცხადეს, "პოლიციელი ნომერი 3" სასამართლო სხდომაზე ირწმუნებოდა, რომ სამხრე კამერები ღამით არ ანათებს, ამიტომაც ამბობდა, რომ ტელეფონით მოუწია განათების ჩართვა.
გადაღება ვერ მოვასწარით, კამერა ჩვენი ვერ იღებს, სინათლე არ აქვს, გულსართის ტელეფონი ჩავრთე, კამერის ჩართვა ვეღარ მოასწრო - თქვა პოლიციელმა.
სამივე მოწმის ჩვენება მოსამართლე ნინო ენუქიძემ მოისმინა, რამდენიმე წუთიანი შესვენების შემდეგ კი ამ ჩვენებების საფუძველზე ირაკლი ნადირაძე სამართალდამრღვევად გამოაცხადა. ოპოზიციონერ ლიდერს 7 დღე აქვს, რომ 2500 ლარიანი ჯარიმა გადაიხადოს.