"შაბათის" ეთერის ჟურნალისტური გამოძიება ზარქუას სიძეზე - "ოცნების" დეპუტატი თავდასხმაზე გადავიდა

14.09.24 15:28
"შაბათის" ეთერის ჟურნალისტური გამოძიება ზარქუას სიძეზე - "ოცნების" დეპუტატი თავდასხმაზე გადავიდა

"შაბათის" ეთერის დაანონსებული გამოძიება, რომელსაც ზუსტად რვა საათზე "ნოდარ მელაძის შაბათში" ნახავთ ირაკლი ზარქუას "ტვ პირველზე" იერიშის საფუძველი გახდა.

სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება, "ოცნების" დეპუტატის სიძის, ალექსანდრე ამისულაშვილის კომპანიას ეხება, რომლის 50 %-იან წილსაც ფლობდა სწორედ ზარქუას სიძე.

"შაბათის" ეთერის გამოძიებელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ალექსანდე ამისულაშვილს გურიაში ბაღები უნდა აეშენებინა. ტენდერი მოიგო, თუმცა რამდენიმე თვეში 0 ლარად კომპანია გაასხვისა ქალბატონზე, რომელსაც წარსულში ბიზნესის მართვის გამოცდილება საერთოდ არ ჰქონდა. ადგილები სადაც ახლა ახალი შენობები უნდა იყოს და ხვალ ახალი სასწავლო წელი იწყებოდეს, ზოგან კედლებიც კი არ არის ამოყვანილი.

ზარქუა ამტკიცებს, რომ მისი სიძის კომპანიაზე "შაბათის" ეთერი დეზინფორმაციას ავრცელებს. 

დეპუტატი ირწმუნება, რომ მისი ოჯახის არცერთ წევრს სახელმწიფო შესყიდვასთან შეხება არ აქვს და რომ კომპანია "ლაგი კაპიტალის" მფლობელი მისი სიძე, ალექსანდრე ამისულაშვილი არ არის. 

დღეს სამარცხვინო ისევ მორიგი ფეიკ ნიუსების ფეიერვერკი იქნება "ტვ პირველზე, სადაც მე და ჩემი სიძე ვართ გამოყვანილები. მორიგი სიუჟეტი მომიძღვნეს, რომელიც გულისხმობს, რომ თითქოს, მე ვლობირებ ჩემს სიძეს და რაღაც ტენდერებში ვღებულობ მონაწილეობას და თურმე ვიგებ. ჩემი ოჯახის არცერთ წევრს შეხება არ აქვს სახელმწიფო შესყიდვასთან, არცერთ ტენდერში არ ყოფილა. კომპანია, რომელიც არის "ლაგი კაპიტალი" გაიყიდა და მიყიდეს, თუ არ ვცდები, ძმებ ბერძენიშვილებს, ალეკო და ბესოს. მათი ერთ-ერთი მეუღლე არის ამ კომპანიის ხელმძღვანელი", - ამბობს ირაკლი ზარქუა.