"სასაცილოა" - სიორიძე "ოცნების" დაანონსებულ ანგარიშზე
"სასაცილოა" - ასე აფასებს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი, გიორგი სიორიძე "ოცნების" მიერ დაანონსებულ ანგარიშს, სადაც გივი მიქანაძის მტკიცებით, აღბეჭდილი იქნება თითოეული ფაქტი იმის შესახებ, რომ "ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო სექტორი და გარე ძალების წარმომადგენლები წინასაარჩევნოდ დარღვევებს ჩადიან".
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სწორედ იმ სადამკვირვებლო მისიებისთვის ცდილობენ დოკუმენტის გადაგზავნას, რომლის წინააღმდეგაც ივანიშვილის გუნდი "ორგანიზებულ პროპაგანდისტულ კამპანიას აწარმოებს".
სასაცილოა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ ანგარიშის გადაგზავნას იმ სადამკვირვებლო მისიებისთვის, რომელთა წინააღმდეგაც მათ უკვე დიდი ხანია აქვთ ორგანიზებული პროპაგანდისტული კამპანია. ის სიძულვილის ენა, პროპაგანდა, რომელსაც აწარმოებენ დასავლეთთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, კონკრეტულ ოპოზიციურ პოლიტიკოსებთან და აქტივისტებთან მიმართებით, რა თქმა უნდა, მათ ანგარიშში ვერ მოხვდება, მაგრამ მათი ანგარიში, ჩემი აზრით, იქნება მართლაც სასაცილო იმ ორგანიზაციების თვალში, რომელსაც ისინი მიმართავენ", - ამბობს გიორგი სიორიძე.
ცნობისთვის, დღეს, 14 სექტემბერს, "ქართული ოცნების" წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ ივანიშვილის გუნდმა მოამზადა დოკუმენტი, სადაც მოცემული იქნება ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და გარე ძალების წარმომადგენლების მიერ წინასაარჩევნოდ ჩადენილი დარღვევები.
ამასთან, გივი მიქანაძემ განმარტა, რომ ანგარიში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გადაეგზავნება.