ქონებისა და აქციების დაბლოკვა - რას მოიცავს აშშ-ს სანქციები?
რას მოიცავს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისთვისა და მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის დაწესებული ახალი სანქციები?
შტატების სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შავ სიაში შეყვანილი ოთხი პირის საკუთრებაში არსებული ყველა ქონება და აქცია, რომელიც შტატების, ან მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, იბლოკება.
ამასთან, იბლოკება ყველა ის ობიექტი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად, ინდივიდუალურად ან საერთო ჯამში, 50%-ით ან მეტით ეკუთვნის ერთს ან რამდენიმე დასანქცირებულ პირს.
დღევანდელი ქმედების შედეგად, ზემოთ ჩამოთვლილ პირების საკუთრებაში არსებული ყველა ქონება და აქცია, რომელიც მდებარეობს აშშ-ის ან მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, არის დაბლოკილი და მოხსენებულია საგარეო ქონების კონტროლის ოფისს [OFAC]. დამატებით, დაბლოკილია ყველა ის ობიექტი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად, ინდივიდუალურად ან საერთო ჯამში, 50%-ით ან მეტით ეკუთვნის ერთს ან რამდენიმე დასანქცირებულ პირს. თუ OFAC-ის მიერ გაცემული ლიცენზიით არ არის ნებადართული, ან არ არის გამონაკლისი, OFAC-ის რეგულაციები კრძალავს აშშ-ის პირების მიერ ან შეერთებულ შტატებში ან ტრანზიტით ყველა ტრანზაქციას, რომელიც გულისხმობს რაიმე ქონებას ან აქციებს განსაზღვრული ან სხვაგვარად დაბლოკილი პირების ქონებაში", - წერია განცხადებაში.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს და მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს ახალი სანქციები დაუწესა.
ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და პრორუსული პარტიის ლიდერები, "რომლებიც ძირს უთხრიან ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას" ე.წ. მაგნიტსკის სიაში დაამატეს.
ამ დროსითვის არსებული ინფორმაციით, შტატებმა ახალი სანქციები 4 პირს დაუწესა.
ესენი არიან:
- განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი - ზვიად ხარაზიშვილი
- განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ლაგაზაური მილერი
- პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი - კონსტანტინე მორგოშია
- პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი - ზურაბ მახარაძე
ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო ხაზინის გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტმა 60-ზე მეტ პირს, მათ შორის, "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს, სავიზო შეზღუდვები დაუწესა.