აშშ-მა "ხარება" დაასანქცირა - კიდევ ვინ მოხვდა სიაში

16.09.24 18:35
აშშ-მა "ხარება" დაასანქცირა - კიდევ ვინ მოხვდა სიაში

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს და მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს ახალი სანქციები დაუწესა. 

ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და პრორუსული პარტიის ლიდერები, "რომლებიც ძირს უთხრიან ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას"  ე.წ. მაგნიტსკის სიაში დაამატეს. 

სანქცირებულები არიან: 

  • განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი - ზვიად ხარაზიშვილი
  • განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ლაგაზაური მილერი 
  • პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი - კონსტანტინე მორგოშია
  • პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი - ზურაბ მახარაძე

შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტი წერს:  

დღეს ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტმა (OFAC) სანქციები დაუწესა იმ პირებს, რომლებიც ძირს უთხრიან ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში. 

კერძოდ, ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა საქართველოს ორ ოფიციალურ პირს, რომლებიც დაკავშირებული არიან მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების სასტიკ დარბევასთან. ამასთან, სანქციები დაუწესდა საქართველოს ორ მოქალაქეს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილეობდნენ, ან პირდაპირ, ან ირიბად ჩაერთვნენ თავისუფლების ძალადობრივი გზებით ჩახშობაში.

ოთხივე პირი დანიშნულია აღმასრულებელი ბრძანების (E.O.) 13818 შესაბამისად, რომელიც ეფუძნება და ახორციელებს გლობალური მაგნიტსკის ადამიანის უფლებათა ანგარიშვალდებულების აქტს და მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის დამნაშავეებს მთელ მსოფლიოში", - წერია განცხადებაში.

ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო ხაზინის გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტმა 60-ზე მეტ პირს, მათ შორის, "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს, სავიზო შეზღუდვები დაუწესა.

რა არის ე.წ. მაგნიტსკის სია?

"მაგნიტსკის სიით" გათვალისწინებული სანქციები მიზნად ისახავს ადამიანების უფლებების დარღვევის ან კორუფციის წინააღმდეგ მიღებულ ზომებს. 

"მაგნიტსკის სიაში" შეყვანილ პირებს სანქციები უწესდებათ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის საფუძველზე. ამასთან, სანქციები შესაძლოა გავრცელდეს ნებისმიერი უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლის წინააღმდეგაც, რომელიც პასუხისმგებელია მნიშვნელოვან კორუფციულ ქმედებებზე.

"მაგნიტსკის სიის" ევროპული ანალოგის ფარგლებში სანქცირებულთა სიაში, სხვათა ადამიანებთან ერთად, არის რამდენიმე რუსი მაღალჩინოსანი: ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ყოფილი დირექტორი ალექსანდრ კალაშნიკოვი, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრ ბასტრიკინი, რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორი იგორ კრასნოვი და რუსეთის გვარდიის ხელმძღვანელი ვიქტორ ზოლოტოვი.