ახალი სანქციები ივანიშვილის გუნდს - ეკა გიგაურის კომენტარი

16.09.24 20:22
ახალი სანქციები ივანიშვილის გუნდს - ეკა გიგაურის კომენტარი

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელძღვანელი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ "ქართული ოცნების მაღალჩინოსნებისთვისა და მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის დაწესებულ ახალ სანქციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ დასავლელმა პარტნიორმა, ფაქტობრივად, გააკეთა ის, რაზეც თვეების წინ საუბრობდა.

ეკა გიგაური "პირველებთან" ამბობს, რომ შტატების მხრიდან სანქციები იმ კონკრეტულ ადამიანებს მიემართება, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევასა და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებაში არიან მხილებულები.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ფაქტობრივად, გააკეთა ის, რაზეც ისინი საუბრობდნენ თვეების წინ. მათ დააანონსეს მსგავსი ქმედებები იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ჩართულები არიან დემოკრატიულ უკუსვლაში და არიან ამაზე პასუხისმგებლები ჩვენს ქვეყანაში. ისინი საუბრობდნენ, რომ კონკრეტული ადამიანების პასუხისმგებლობა დადგება, კერძოდ, იმ ადამიანების, რომლებიც ჩართულები არიან ადამიანის უფლებების დარღვევაში, ასევე კორუფციულ გარიგებებში და კონკრეტულად მოქმედებენ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ", - ამბობს გიგაური. 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს და მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს ახალი სანქციები დაუწესა

ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და პრორუსული პარტიის ლიდერები, "რომლებიც ძირს უთხრიან ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას" ე.წ. მაგნიტსკის სიაში დაამატეს. 

ამ დროსითვის არსებული ინფორმაციით, შტატებმა ახალი სანქციები 4 პირს დაუწესა. 

ესენი არიან: 

  • განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი - ზვიად ხარაზიშვილი
  • განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ლაგაზაური მილერი 
  • პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი - კონსტანტინე მორგოშია
  • პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი - ზურაბ მახარაძე

ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო ხაზინის გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტმა 60-ზე მეტ პირს, მათ შორის, "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს, სავიზო შეზღუდვები დაუწესა.

მსგავსი სიახლეები