"ოცნების" რეაქცია სანქციებზე: მდინარაძე აშშ-ს "ქართულ არჩევნებში ჩარევის მცდელობაში" ადანაშაულებს

16.09.24 20:55
"ოცნების" რეაქცია სანქციებზე:  მდინარაძე აშშ-ს "ქართულ არჩევნებში ჩარევის მცდელობაში" ადანაშაულებს

როგორ გაიგო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციები საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა - მამუკა მდინარაძე მედიასთან ამტკიცებს, რომ დასავლელი პარტნიორის გადაწყვეტილება "არაფორმალური გავლენების" შედეგია.

მეტიც, როგორც ივანიშვილის გუნდის წევრი ირწმუნება, სანქცირებულთა სიაში "ოცნების" მაღალჩინოსნებისა და მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირების შეყვანა "ქართულ არჩევნებში ჩარევისა და ქართველი ხალხის ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობაა".

დღეს სანქციები ვნახეთ. როგორც ჩანს, არაფორმალური გავლენები იმდენად მძლავრია, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში, რომ ამ გავლენების შესაბამისად კიდევ ერთხელ დაგვასანქცირეს, ოღონდ არ გვეუბნებიან ვინ და ვინ. ამ შემთხვევაში, ფინანსური სანქციები დააწესეს რამდენიმე პირზე. გაურიეს, ერთმანეთში არიეს "ალტ-ინფოს" წარმომადგენლები და პოლიციის მაღალჩინოსნები. ეს არის პოლიციის შეურაცხყოფა, ინსტიტუტის შეურაცხყოფა და ქართველი ხალხის არჩევანზე და ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა და ქართულ არჩევნებში ჩარევის მცდელობა. არაფორმალური გავლენები, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამას. არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ ველოდებით მსგავს და შეიძლება კიდევ უფრო მსგავს სხვადასხვა რეაქციებს განცხადებების სახით", - ამბობს მდინარაძე.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს და მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს ახალი სანქციები დაუწესა

ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და პრორუსული პარტიის ლიდერები, "რომლებიც ძირს უთხრიან ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას" ე.წ. მაგნიტსკის სიაში დაამატეს. 

ამ დროსითვის არსებული ინფორმაციით, შტატებმა ახალი სანქციები 4 პირს დაუწესა. 

ესენი არიან: 

  • განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი - ზვიად ხარაზიშვილი
  • განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ლაგაზაური მილერი 
  • პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი - კონსტანტინე მორგოშია
  • პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი - ზურაბ მახარაძე

ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო ხაზინის გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტმა 60-ზე მეტ პირს, მათ შორის, "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს, სავიზო შეზღუდვები დაუწესა.

მსგავსი სიახლეები