ორმხრივი თანამშრომლობის მუდმივი გადახედვისა და "ოცნების" ლიდერების ცრუ განცხადებების შედეგია - მილერი სანქციებზე
რატომ შეიყვანა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები სანქცირებულთა სიაში? - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი განმარტავს, რომ "გადაწყვეტილება ორმხრივი თანამშრომლობის მუდმივი გადახედვისა და საქართველოს ხელისუფლების მაღალი რანგის ლიდერების ცრუ განცხადებების გამო იქნა მიღებული".
მეთიუ მილერი, რომლის კომენტარსაც ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტი, ალექს რაუფოღლუ პლატფორმა "X"-ზე ავრცელებს, იმასაც ამბობს, რომ საქართველოში განხორციელებული ანტიდემოკრატიული ქმედებები საქართველოს მთავრობასთან შტატების ურთიერთობის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.
ეს ქმედებები არის ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის მუდმივი გადახედვის შედეგი, საქართველოში მუდმივი ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო, ასევე საქართველოს ხელისუფლების მაღალი რანგის ლიდერების ცრუ განცხადებების გამო, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობასთან ჩვენი ათწლეულის მანძილზე ურთიერთობის სულისკვეთებას..", - განაცხადა მილერმა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს და მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს ახალი სანქციები დაუწესა.
ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და პრორუსული პარტიის ლიდერები, "რომლებიც ძირს უთხრიან ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას" ე.წ. მაგნიტსკის სიაში დაამატეს.
ამ დროსითვის არსებული ინფორმაციით, შტატებმა ახალი სანქციები 4 პირს დაუწესა.
ესენი არიან:
- განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი - ზვიად ხარაზიშვილი
- განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ლაგაზაური მილერი
- პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი - კონსტანტინე მორგოშია
- პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი - ზურაბ მახარაძე
ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო ხაზინის გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტმა 60-ზე მეტ პირს, მათ შორის, "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს, სავიზო შეზღუდვები დაუწესა.