რატომ უნდა გაუყინონ ბანკებმა სანქცირებულ პირებს ანგარიშები? - დეპუტატის განმარტება
"ევროოპტიმისტების" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს ოთხი მოქალაქისთვის ფინანსური სანქციების დაწესების ფაქტს აფასებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ბანკები 17 სექტემბრიდან სანქცირებულ პირებს მოემსახურებიან, მაშინ ბანკები თავად მოექცევიან საერთაშორისო სანქციების ქვეშ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, "ქართული ბანკები წინააღმდეგობაში ვარდებიან, დაიცვან ეროვნული ბანკის დადგენილება, თუ დაექვემდებარონ საერთაშორისო სანქციებს".
ამასთან, გოცირიძე კომერციულ ბანკებს შავ სიაში შეყვანილი პირების წინააღმდეგ სანქციების აღსრულებისკენ მოუწოდებს, რადგან როგორც პოლიტიკოსი განმარტავს, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს საბანკო სისტემა საერთაშორისო იზოლაზიაში მოექცევა, რაც ფინანსური სისტემის კოლაფსს გამოიწვევს.
ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს მიერ ოთხი პირისადმი, შსს-ს მაღალჩინოსნებისა და ალტინფოს წარმომადგენლებისადმი დაწესებული იქნა არა სავიზო, არამედ საფინანსო სანქციები, ისეთი სახის, როგორიც იქნა დაწესებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ფარცხალაძის მიმართ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ბანკები, რომლებიც ამ პირებს ხვალიდან მოემსახურებიან, მოექცევიან საერთაშორისო სანქციების ქვეშ.
ეროვნულმა ბანკმა ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც სანქციების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების მიმართ მოხდება მხოლოდ ქართული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ. დღეიდან ქართული ბანკები წინააღმდეგობაში ვარდებიან-დაიცვან ეროვნული ბანკის დადგენილება თუ დაექვემდებარონ საერთაშორისო სანქციებს.
კომერციულმა ბანკებმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ სანქციის აღსრულება ამ პირთა მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი ქვეყნის საბანკო სისტემა აღმოჩნდება საერთაშორისო იზოლაციაში, რაც ფინანსური სისტემის კოლაფსის ტოლფასი იქნება", - წერს გოცირიძე.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს და მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს ახალი სანქციები დაუწესა.
ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და პრორუსული პარტიის ლიდერები, "რომლებიც ძირს უთხრიან ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას" ე.წ. მაგნიტსკის სიაში დაამატეს.
ამ დროსითვის არსებული ინფორმაციით, შტატებმა ახალი სანქციები 4 პირს დაუწესა.
ესენი არიან:
- განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი - ზვიად ხარაზიშვილი
- განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ლაგაზაური მილერი
- პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი - კონსტანტინე მორგოშია
- პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი - ზურაბ მახარაძე
ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო ხაზინის გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტმა 60-ზე მეტ პირს, მათ შორის, "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს, სავიზო შეზღუდვები დაუწესა.