ზარქუასთვის შტაბების სანქციები "კომიკურია"

17.09.24 12:37
ზარქუასთვის შტაბების სანქციები "კომიკურია"

ირაკლი ზარქუასთვის შტაბების სანქციები კომიკურია. თუ ქართველობის დაცვის გამო უნდა დაგვასანქცირონ, დაე, იყოს ასე!" - ამბობს "ოცნების" დეპუტატი და ამტკიცებს, რომ სანქციების არავის ეშინია. 

არის თუ არა თავად ზარქუა დასანქცირებულთა სიაში, "ოცნების" წევრი ამბობს, რომ ვერ გაიგო.

"მე ვარ თუ არა დასანქცირებული ვერ გავიგე, ვერ ჩამოყალიბდნენ" - აცხადებს ზარქუა.

„ამათი სანქციები უკვე კომიკურ ხასიათს იღებს. ვის ასანქცირებენ? მე ვარ თუ არა დასანქცირებული ვერ გავიგე, ვერ ჩამოყალიბდნენ. ჩვენი ოჯახის წევრები, ზოგი კოლეგა იყო ამერიკაშიც, ევროპაშიც, მეც გახლდით, არავინ არ არის დასანქცირებული. არ გამოვრიცხავ ზუსტად ანალოგიური მიდგომა ჰქონდეთ აქაც. არ ვიცი, ერთმანეთს ატყუებენ თუ რა. თუ ქართველობის დაცვის, ჩვენი ინტერესების დაცვის გამო [უნდა] დაგვასანქცირონ, დაე, იყოს ასე! ამას არ შევუშინდებით! ჩვენ ქართველები ვართ. ჩვენ ამით ვერავინ შეგვაშინებს, იმიტომ რომ ზუსტად ვიცით რასაც ვაკეთებთ. ვიცავთ მართლმადიდებლობას, ქართველობას და ჩვენს ადათ-წესებს. უთავმოყვარეოები, უპრინციპოები და "ჩახდილები" ეგერ არიან და დაიცავით“, - განაცხადა ზარქუამ.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს და მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს ახალი სანქციები დაუწესა

ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და პრორუსული პარტიის ლიდერები, "რომლებიც ძირს უთხრიან ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას" ე.წ. მაგნიტსკის სიაში დაამატეს. 

ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტმა ახალი სანქციები 4 პირს დაუწესა

ესენი არიან: 

  • განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი - ზვიად ხარაზიშვილი
  • განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ლაგაზაური მილერი 
  • პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი - კონსტანტინე მორგოშია
  • პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი - ზურაბ მახარაძე

ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო ხაზინის გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტმა 60-ზე მეტ პირს, მათ შორის, "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს, სავიზო შეზღუდვები დაუწესა.

 აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი განმარტავს, რომ "გადაწყვეტილება ორმხრივი თანამშრომლობის მუდმივი გადახედვისა და საქართველოს ხელისუფლების მაღალი რანგის ლიდერების ცრუ განცხადებების გამო იქნა მიღებული".

 

მსგავსი სიახლეები