პრეზიდენტთან მისვლამდე მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია ერთმანეთს შეხვდებიან

17.09.24 14:20
პრეზიდენტთან მისვლამდე მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია ერთმანეთს შეხვდებიან

პრეზიდენტთან შეხვედრამდე მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია ერთმანეთს შეხვდებიან - რამდენიმე წუთის წინ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრისთვის მზადაა.

გახარიას თანახმად, მან სალომე ზურაბიშვილს შეხვედრის გადადება სთხოვა, რაზეც პრეზიდენტი დაეთანხმა.

„ვითვალისწინებ მამუკა ხაზარაძის თხოვნას. ვესაუბრე პრეზიდენტს და ვთხოვე, პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრის რამდენიმე საათით გადადება. პრეზიდენტი დამეთანხმა, შეხვედრა გადაიდო 6 საათამდე. თუმცა ეს საკითხი მეტი ხნით ვერ გადაიდება“, - წერს გახარია.

გიორგი გახარიას განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა განცხადება გაავრცელა. მამუკა ხაზარაძემ სოციალურ  ქსელში დაწერა, რომ პრეზიდენტთან შეხვედრამდე, საჭიროა, ორი პარტიის ლიდერი ერთმანეთს პირისპირ შეხვდეს.  

ფაქტი, რომ მამუკა ხაზარაძის, გიორგი გახარიას და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა, რომელიც ორბელიანის სასახლეში დღეს 15:00 საათზე უნდა გამართულიყო, საღამოსთვის გადაიდო "პირველებს" "ძლიერი საქართველოს" პრესსამსახურშიც დაუდასტურეს. 

პრეზიდენტმა გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე მოლაპარაკებებისთვის ორბელიანების სასახლეში გუშინ მიიწვია, სალომე ზურაბიშვილმა  მათ გაერთიანებისკენ საჯაროდ მოუწოდა.