"პრემიერი შეშინებული და დასუსტებულია" - ოპოზიცია
"შიში" - ეს ამოიკითხეს ხელისუფლების ოპონენტებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის აშშ-ის ელჩთან გაჟღერებულ გზავნილებში.
მისი თქმით, ირაკლი კობახიძე ამერიკულმა სანქციებმა ისე შეაშინა, რომ ამერიკის ელჩთან სასწრაფო შეხვედრა ჩანიშნა.
"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, სალომე სამადაშვილი "ტვ პირველთან" ამბობს, რომ სანქცირებული ხელისუფლება აბსურდულ ვითარებაშია შესული:
აცხადებენ, რომ სანქციები არ არსებობს, მეორე დღეს, ელჩს იბარებენ და ფაქტობრივად ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტით იმუქრებიან. რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი, უნდა გაიწვიოს ამერიკამ ელჩი კონსულტაციებისთვის ვაშინგტონში?!
ჩვენ აბსურდულ ვითარებაში ვართ შესული, იმიტომ რომ სანქცირებული ხელისუფლების პირობებში, ჩვენ ჩამოგვექცევა ფინანსური და ეკონომიკური სისტემაც"- თქვა მან.
სალომე სამადაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების დასანქცირებას მკაფიო გზავნილს უწოდებს, მისი თქმით, ეს არის ფაფრთხილება მათთვისაც, ვინც ბიძინა ივანიშვილის იკანონო დავალებებს დღემდე ასრულებს:
თუ არსებობს, ამ სისტემის შიგნით, ფაქტობრივად არა ქართული სამართალდამცავი სისტემის ნაწილი, არამედ ბიძინა ივანიშვილის პირადი სადამსჯელო რუსული რაზმები, შინაარსით რუსული რაზმები, ამ ხალხმა მიიღო გზავნილი, რა ელოდებათ იმ შემთხვევაში თუ შეასრულებენ უკანონო დავალებას"- აცხადებს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი.
"გახარია - საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი თეონა აქუბარდია აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" ლიდერი "შეშინებული და დასუსტეულია".
პრემიერის განცხადება შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით, აჩვენებს იმას, რომ ის არის შეშინებული და დასუსტებული. სტრატეგიული პარტნიორებისგან გადახედვა მათ დიდი ხანია დაიწყეს, როდესაც რუსული კანონი მიიღეს და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და ხალხის ნების წინააღმდეგ წავიდნენ.
შესაბამისად, ფინანსური სანქციები, ისვე როგორც ახალი ეტაპი და სანქციების, კიდევ ერთხელ აჩვენებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას შეერთებული შტატების მხრიდან და კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ქართველი ხალხის მომავალი არის ევროპულ ოჯახში და ‘’ქართული ოცნება’’ არის სწორედ ის ძალა, რომელმაც წაართვა ეს შესაძლებლობა მათ 26 ოქტომბრამდე"- დასძინა მან.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სანქციების შემდეგ, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა.
მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კობახიძემ ელჩს უთხრა, რომ "აშშ კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა" და "კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ქართულ ამერიკული ურთიერთობების თვისებრივი გადახედვით" დაიმუქრა.