ივანიშვილი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ არჩევნებს აგებს - დავით ბერძენიშვილი

18.09.24 11:54
ივანიშვილი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ არჩევნებს აგებს - დავით ბერძენიშვილი

ივანიშვილი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ არჩევნებს აგებს მაგრად, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" წევრი, დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ოპოზიციის წევრი ფიქრობს, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე გადარჩენის გზას ახლა  მხოლოდ რუსეთში ხედავს.

ივანიშვილი საბოლოოდ  დარწმუნდა, რომ არჩევნებს აგებს მაგრად. 
საკუთარი 40 პროცენტის და ორნიშნა  ბარიერგადაულახავი ოპოზიციური ხმების იმედი  გადაეწურა.

ამიტომაც უპატაკებს ოკუპანტ პუტინს - თქვენი ვარ, თქვენიო, ბოდიშს მე გიხდიო.
ამიტომაც " ემუქრება" პრემიერად მომუშავე კარიკატურა ამერიკას ურთიერთობის თვისობრივად გადახედვით.  

2020 წლისგან  განსხვავებით, ივანიშვილი არა არჩევნების მიყალბებით პროცენტების დამატებისთვის, არამედ მილიონ ხმიანი ქვითრის გამოწერისთვის ემზადება. ფაქტიურად ორჯერ მეტი უნდა, რომ  დაიწეროს, ვიდრე რეალურად მიიღებს. 

ლუკაშენკობა მოუნდა. ხელისუფლების მიტაცებით ქვეყნის ვიზალიბერალიზაციის გაუქმების გარდუვალობა მას არ ადარდებს; 

არც ოკუპაციის სიკეთედ გამოცხადება, არც  ამდენი გაჭირვებული ადამიანის ყოფის კიდევ უფრო გაუარესება... ამიტომ გვჭირდება მობილიზება", - წერს დავით ბერძენიშვილი.

ბერძენიშვილი ასევე ოპოზიციური ფლანგზე მესამე ძალის შექმნას მიესალმება და მიაჩნია, რომ სწორედ ამგვარი მობილიზება იქნება  გამარჯვების გარანტი. 

მთელი წელია, ვლაპარაკობ, რომ სამი ფრონტით, სამი ფლანგით ოპოზიციური შეტევა არის  ოპტიმალური. ჰოდა, ყალიბდება მესამე ფლანგიც ამჟამად მესამე და მეოთხე ადგილოსანი საარჩევნო სუბიექტების დაწყვილებით. ძალიან კარგი. 

შეიქმნას ოპოზიციის მესამე ძალაც. 

მილიონი ბარიერგადალახული ოპოზიციური ხმა იგებს არჩევნებს. უგებს ეს მილიონი ბიძინას მილიარდებს ნებისმიერ ვალუტაში"- დასძენს პოლიტიკოსი. 

ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სანქციების შემდეგ, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა.

მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კობახიძემ ელჩს უთხრა, რომ "აშშ კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა" და "კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ქართულ ამერიკული ურთიერთობების თვისებრივი გადახედვით" დაიმუქრა. 

 

მსგავსი სიახლეები