"ივანიშვილი ლუკაშენკოს გზას დაადგება" - ყოფილი თანაგუნდელები "ოცნებას" არჩევნებში დამარცხებას უანონსებენ
"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი, დავით ბერძენიშვილი "ქართულ ოცნებას" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებას უანონსებს - როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, ივანიშვილის გუნდი ოპოზიციურ ხმებს საკუთარ მანდატად ვეღარ გაიფორმებს, რადგან მისი განმარტებით, ოპოზიციურ ველზე აღარ დარჩა არცერთი პარტია, რომელიც არჩევნებზე ბარიერს ვერ გადალახავს.
დავით ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ ოქტომბერში ქართველ ხალხს მძიმე ბრძოლა ელოდება, თუმცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, მმართველი პარტია დამარცხდება და ბიძინა ივანიშვილი ლუკაშენკოს გზას დაადგება.
ამასთან, დავით ბერძენიშვილი ირაკლი კობახიძესა და საქართველოში ამერიკის ელჩს შორის გამართულ შეხვედრასაც ეხმაურება და პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ამერიკის წინააღმდეგ მუქარად აფასებს.
"კარიკატურულ ფიგურას, რომელიც ახლა პრემიერად მუშაობს, ვიზალიბერალიზაციის გაუქმების რეალური საფრთხე არ ადარდებს", - ამბობს ბერძენიშვილი.
ძალიან მძიმე ბრძოლა იქნება ქართველი ამომრჩევლის შესამჩნევ უმრავლესობასა და ბიძინა ივანიშვილის წასაგებად გამზადებულ ხელისუფლებას შორის. ამერიკას ემუქრება, გადავხედავ ურთიერთობებსო. კარიკატურული ფიგურა, რომელიც ახლა პრემიერად მუშაობს. ასეთ ვითარებაში ის, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების რეალური საფრთხე არის, თუ ივანიშვილი გაყალბებით დარჩება ხელისუფლებაში, ეს არ ადარდებს. დაინახა ივანიშვილმა, რომ ბარიერს ქვევით ოპოზიციური ხმები, პრაქტიკულად, აღარ რჩება. ანუ, ოპოზიციურ ხმებს საკუთარ მანდატებად ვერ იხეირებს და მას 3-5-7 პროცენტის გაყალბება არ უშველის, ამიტომ იმდენად მცირე ხმებს მიიღებს, რომ დაადგება ლუკაშენკოს გზას, რადგან ივანიშვილის უსაფრთხოება, მისი ღრმა რწმენით, გადის მხოლოდ მის ხელისუფლებაზე. ამიტომ უნდა დავამარცხოთ ივანიშვილი. დავამარცხებთ და ალბათ, გაგვასწრებს, გაფრინდება", - ამბობს დავით ბერძენიშვილი.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სანქციების შემდეგ, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა.
მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კობახიძემ ელჩს უთხრა, რომ "აშშ კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა" და "კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ქართულ ამერიკული ურთიერთობების თვისებრივი გადახედვით" დაიმუქრა.