საჩუქარი მხარდამჭერ ბიზნესმენებს წინასაარჩევნოდ - გოცირიძე მოსყიდვაზე საუბრობს

18.09.24 17:32
საჩუქარი მხარდამჭერ ბიზნესმენებს წინასაარჩევნოდ - გოცირიძე მოსყიდვაზე საუბრობს

"ევროოპტიმისტების" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების უკან, ბიზნეს სექტორის მოსყიდვის მცდელობას ხედავს. საუბარია, ირაკლი კობახიძის განკარგულებებზე, რომლის მიხედვითაც, წინასაარჩევნოდ ბიზნესს შეღავათები დაუწესეს. 

ოპოზიციონერი დეპუტატი ირაკლი კობახიძის მიერ გამოცემულ განკარგულებას "კორუფციულ" აქტად აფასებს და გარკვეული კომპანიებისთვის სახელმწიფო ქონების იჯარით მინიმალურ ფასად გადაცემას "ოცნების" არჩევნებში წაგების შიშს უკავშირებს. 

ეს არის, ერთი მხრივ, საკუთარი მხარდამჭერი ბიზნესმენებისათვის ფულის შოვნის გზა და წინასაარჩევნო მოსყიდვის ფორმა და, მეორე მხრივ, სახელმწიფო ქონების მითვისება. არიან მოსწრებაზე, იციან რომ არჩევნებს წააგებენ, ამიტომ ყველა ეს გადაწყვეტილება არის კორუფციული და მიმართულია "ოცნებასთან" დაკავშირებული პირებისთვისა თუ ბიზნესებისთვის სახელმწიფოსგან ფულისა თუ სხვა პრივილეგიების მიღებაზე", - ამბობს რომან გოცირიძე.

ბიზნესის დახმარების მცდელობა თუ წინასაარჩევნო მოსყიდვა - ერთი მეორეს მიყოლებით ირაკლი კობახიძემ ბიზნესს შეღავათები დაუწესა. მთავრობის ადმინისტრაციის ვებ გვერდზე იძებნება პრემიერის მიერ 17 სექტემბერს გამოცემული არაერთი განკარგულება, სადაც კობახიძემ კომპანიებს ნაკისრი ვალდებულებები გადაუვადა - ნაწილი გადასახადისგან გაათავისუფლა, ზოგიერთს კი სახელმწიფო ქონება იჯარით მინიმალურ ფასად გადასცა.  

მსგავსი სიახლეები