ცდილობს თუ არა კობახიძე წინასაარჩევნოდ ბიზნესმენების გულის მოგებას - რას ამბობენ ივანიშვილის გუნდში
საქართელოს პრემიერ-მინისტრის მიერ გამოცემულ უახლეს განკარგულებას "ქართულ ოცნებაში" იზიარებენ - ივანიშვილის გუნდის წევრები ამტკიცებენ, რომ ბიზნეს სექტორისთვის გარკვეული შეღავათები არა მხოლოდ წინასაარჩევნოდ, არამედ გასულ წლებშიც წესდებოდა.
როგორც გურამ მაჭარაშვილი "პირველებთან" ირწმუნება, მმართველი პარტია ბიზნესის განვითარებასა და კეთილდღეობაზე ზრუნავს, რასაც მაჭარაშვილის მტკიცებით, საქართველოს მზარდი ეკონომიკა ადასტურებს.
ირაკლი კობახიძე არის პრემიერი და არა მხოლოდ წინასაარჩევნოდ, არამედ წინასაარჩევნოდ წინადაც გასცემდა და ამის მერეც გასცემს შესაბამის განკარგულებებს როგორც პრემიერი, რადგან ცხოვრება გრძელდება, ბიზნესი წარმოებს. ეს არის განკარგულება, რომელიც კანონის საფუძველზე გამოიცემა ხოლმე. ბიზნესი რომ აქამდე არ გვახსოვდეს, მაშინ არ იქნებოდა 80 მილიარდზე მეტი ეკონომიკა", - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
"ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი კირცხალია კი ირწმუნება, რომ ივანიშვილის ხელისუფლების დამსახურებით, დღესღდეობით ბიზნესი ისეთი თავისუფალია, როგორც არასდროს.
პრაგმატული, ბიზნესის ხელშემწყობი ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგმება არა მხოლოდ ახლა, არამედ წლებია ჩვენი მთავრობის პირობებში, ზოგი რამ წინასაარჩევნოდ ხდება, ზოგი რამ პოსტსაარჩევნოდ ხდება, მთავარია, რომ დღეს ბიზნესი სუნთქავს, ბიზნესი თავისუფალია და ჩვენი მთავრობა როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ დონეზე ყველაფერს გააკეთებს, რომ ბიზნესი იყოს თავისუფალი, კომფორტულად და ბიზნეს ჰქონდეს მაქსიმალური ხელშეწყობა", - ამბობს ირაკლი კირცხალია.
ბიზნესის დახმარების მცდელობა თუ წინასაარჩევნო მოსყიდვა - ერთი მეორეს მიყოლებით ირაკლი კობახიძემ ბიზნესს შეღავათები დაუწესა. მთავრობის ადმინისტრაციის ვებ გვერდზე იძებნება პრემიერის მიერ 17 სექტემბერს გამოცემული არაერთი განკარგულება, სადაც კობახიძემ კომპანიებს ნაკისრი ვალდებულებები გადაუვადა - ნაწილი გადასახადისგან გაათავისუფლა, ზოგიერთს კი სახელმწიფო ქონება იჯარით მინიმალურ ფასად გადასცა.