შედგება თუ არა დიდი ერთობა? - დღეს, ხაზარაძესა და გახარიას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დაიწყება
შედგება თუ არა დიდი ერთობა "ქართული ოცნების" დასამარცხებლად? - მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დღეს დაიწყება.
ორ-დღიანი დისკუსიის შემდეგ, ოპოზიციონერი ლიდერები ათონელის რეზიდენციაში, სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციებს კვლავ გააგრძელებენ.
ამ ეტაპზე უცნობია, თუ კონკრეტულად რომელ საათზე დაიწყება მხარეებს შორის აუდიენცია, თუმცა სავარაუდოდ, სწორედ დღეს უნდა გახდეს ცნობილი საბოლოო გადაწყვეტილება, გაერთიანდებიან თუ არა გადამწყვეტ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე კოალიცია "ძლიერი საქართველო" და პარტია "გახარია საქართველოსთვის".
ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ ხაზარაძე-გახარიას ერთობა გაფორმდება, "პირველების" ინფორმაციით, კოალიციას შესაძლოა, ნინო ლომჯარია, დიმიტრი ცქიტიშვილი, ეკა ბესელია და თამარ ჩუგოშვილი შეუერთდნენ.
შეგახსენებთ, რომ ხაზარაძე-გახარია საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას უკვე მეორე დღეა რაც მართავენ. 18 სექტემბერს, ორბელიანების სასახლეში, მრავალსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა მედიასთან განაცხადეს, რომ შეთანხმებას ბევრ საკითხზე მიაღწიეს, თუმცა გარკვეული თემები ჯერჯერობით კვლავ განხილვის საგნად რჩება.