"ოცნება" დიდი ერთობის წინააღმდეგ - კალაძე მორიგ თეორიას ავითარებს
კოალიცია "ძლიერ საქართველოსა" და პარტია "გახარია საქართველოსთვის" შორის წარმოებული მოლაპარაკებების ფონზე, თბილისის მერი შესაძლო ერთობას თავს ესხმის - კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ხაზარაძე-გახარიას ერთობა "გარე დირექტივებიდან" არის ნაკარნახევი.
"მათ (ხაზარაძე-გახარიას) ერთმანეთი არ უყვართ, არ მოსწონთ, რეალურად აცდენილები არიან მსოფლმხედველობითაც" - ირწმუნება კალაძე.
ამასთან, "ქართული ოცნების" ლიდერს იერიში საქართველოს პრეზიდენტზეც მიაქვს და მედიასთან საუბრის დროს ირწმუნება, რომ კონსულტაციების პროცესებში სალომე ზურაბიშვილის აქტიური ჩართულობა "გაუგებარია".
საერთოდ პრეზიდენტს რა ესაქმება პოლიტიკური პარტიების მოლაპარაკებებში ესეც გაუგებარია. თუმცა ძალიან მარტივია აქ ყველაფერი, ყველაფერი მოდის გარედან. გარე დირექტივების შესრულება ხდება და ამაში ჩართულია სალომე ზურაბიშვილი, ეს კონკრეტული ორი პოლიტიკური პარტია. მათ ერთმანეთი არ უყვართ, არ მოსწონთ, რეალურად აცდენილები არიან მსოფლმხედველობითაც", - ამბობს კახა კალაძე.
შედგება თუ არა დიდი ერთობა "ქართული ოცნების" დასამარცხებლად? - მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დღეს დაიწყება.