ვხედავთ საერთაშორისო არენაზე დასავლეთიდან დაშორებას და რუსეთთან დაახლოებას - ბატიაშვილი
"ვხედავთ საერთაშორისო არენაზე დასავლეთიდან დაშორებას და რუსეთთან დაახლოებას" - ამის შესახებ განცხადება ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა თბილისში, საერთაშორისო და ქართველი ექსპერტების შეხვედრაზე გააკეთა.
ზურაბ ბატიაშვილმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული არჩევნით საქართველო განვითარების გზას უნდა დაუბრუნდეს.
ვხედავთ საერთაშორისო არენაზე დასავლეთიდან დაშორებას და რუსეთთან დაახლოებას, რომელიც არის დემოკრატიის გზიდან გადახვევის საკითხის საერთაშორისო დონეზე დადასტურება. სამწუხაროა, რომ ჩვენ გვიწევს ამ ყველაფრის საკუთარ თავზე აღება იმ თვალსაზრისით, რომ აისახება ამ ქვეყანაზე, იგივე ვნახეთ ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობები, გაწევრიანების პროცესი, ფაქტობრივად, გაყინულია. იმისთვის, რომ საქართველო დაბრუნდეს განვითარების გზაზე, საჭიროა, რომ ქართველმა ამომრჩევლებმა 26 ოქტომბერს გააკეთონ თავისი არჩევანი", - ამბობს ზურაბ ბატიაშვილი.
საქართველო ავტოკრატიისა და დემოკრატიის გზაჯვარედინზე - სწორედ ამ საკითხზე მსჯელობენ საერთაშორისო და ქართველი ექსპერტები დღეს დილიდან თბილისში და ქართული დემოკრატიის მომავალს განიხილავენ.
ექსპერტები, ფაქტობრივად, თანხმდებიან, რომ ქვეყანას ოქტომბერში რეფერენდუმის მნიშვნელობის მქონე არჩევნები ელოდება, სადაც საქართველოსა და საზოგადოების ბედი უნდა გადაწყდეს.