ვხედავთ გაავებულ "ოცნებას", რომელსაც სანქციები ძალიან აშინებს - ნაცვლიშვილი

19.09.24 15:31
ვხედავთ გაავებულ "ოცნებას", რომელსაც სანქციები ძალიან აშინებს - ნაცვლიშვილი

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი "ქართულ ოცნებას" სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აშშ-ს მხრიდან ივანიშვილის გუნდის გარემოცვისთვის დაწესებულ სანქციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მიერ, თავდაპირველად, გაკეთებული განცხადებები, რომ მათ წინააღმდეგ სანქციები არ არსებობდა, ტყუილია.

ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ამჟამინდელმა ხელისუფლებამ საკუთარი სიტყვები უკან წაიღო და ახლა საზოგადოება "გაავებულ "ოცნებას"" ხედავს, რომელსაც დასავლელი პარტნიორის მხრიდან გადადგმული მკაცრი ნაბიჯი აშინებს. 

როდესაც დაიწყო სანქციების პირველი ტალღა, "ქართული ოცნება" ამაზე იცინოდა და ცდილობდა, რომ საზოგადოება დაერწმუნებინა იმაში, რომ არანაირი სანქციები არ არსებობდა და მათ ეს არ აღელვებდათ. სულ ცოტახანში ჩვენ უკვე ვხედავთ გაავებულ "ოცნებას", რომელიც უარყოფს თავის პირველ ჩვენებას, ადასტურებს, რომ სანქციები მართლაც არსებობს, ადასტურებს, რომ ეს სანქციები ძალიან აშინებს. ეს კარგად გაითვალისწინოს ყველამ, ვინც წინასაარჩევნოდ, ან არჩევნების დღეს იღებს ძალადობის დაკვეთას და კარგად დაფიქრდეს, უღირს თუ არა რუსეთის მსახური მოღალატეობრივი ხელისუფლების დაკვეთების შესრულება იმათ, რომ თავად და მისი მთელი ოჯახი მთელი სიცოცხლის განმავლობაში საერთაშორისო სანქციების ქვეშ იყოს", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების" 60-ზე მეტ წევრს, მათ შორის, მათ ოჯახის წევრებს "დემოკრატიის ხელყოფისთვის" სანქციები მიმდინარე კვირას დაუწესა. ასევე, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება", მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური. ამასთან, სანქცირებულები არიან პრორუსული ალტ-ინფოს ლიდერები - ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.

ასევე ნახეთ: 

  • საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შსს-ს ორი მაღალჩინოსნისა და პრორუსული პარტია "ალტ ინფოს" ლიდერების სანქცირებაზე პირველი განცხადება დღეს გავრცელა.

მსგავსი სიახლეები